მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყველაზე რეპრესიული კანონია ბოლო წლების განმავლობაში" - სანდრო ბარამიძე "გრანტების შესახებ" კანონის ცვლილებაზე

სანდრო ბარამიძე

იურისტი სანდრო ბარამიძე მიიჩნევს, რომ "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც ხელისუფლების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ მექანიზმს, რაც "ქართულ ოცნებას" ბოლო წლებში მიუღია - ამის შესახებ ბარამიძემ "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

ბარამიძის თქმით, მას შემდეგ, რაც სხვა მექანიზმებმა, მათ შორის ე.წ. "რუსულმა კანონმა" ვერ იმუშავა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა სამოქალაქო ურთიერთობების კრიმინალიზება მოეხდინა.

"გრანტების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა "ქართულ ოცნებას" დასჭირდა იმიტომ, რომ სხვა მექანიზმები არ მუშაობდა. არ იმუშავა, მათ შორის, არც რუსულმა კანონმა, არც "ფარამ" და დასჭირდათ კიდევ ერთი დამატებითი გარემოება. გრანტების შესახებ კანონში ჯერ კიდევ შარშან შეტანილი ცვლილება, რითაც ფაქტობრივად ჩვეულებრივი სამოქალაქო ურთიერთობის კრიმინალიზება მოხდა, ეს არის ყველაზე რეპრესიული კანონი იმ ყველა სხვა კანონს შორის, რომელიც ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ამ რეჟიმმა მიიღო.

რაც შეეხება ბოლო [15 აპრილის] ცვლილებას, ეს გარკვეული მცირე რევერანსია დიპლომატიური უწყებების მისიების და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების მიმართ, მაგრამ რომ დავუკვირდეთ ტექსტს ძალიან ღრმად, დავინახავთ, რომ რაღაცა მაინც დაიტოვეს დიპლომატიური მისიების წინააღმდეგაც. კერძოდ, იქ ლაპარაკია იმაზე, რომ "თქვენ არ გეხებათ ეს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ინტერესებისთვის ზრუნავთო"... მაგრამ თუკი აღმოჩნდება, რომ ამ თქვენი გრანტების მეშვეობით მცდელობაა იმისა, რომ სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე ან საზოგადოების რომელიმე ჯგუფზე გავლენის მოხდენა გინდათ ამითო, მაშინ ეს მაინც არის გრანტი", - ამბობს სანდრო ბარამიძე.

იურისტი მიიჩნევს, რომ კანონი ბუნდოვანია და ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, ნებისმიერ პროექტზე ინდივიდუალურად გადაწყვიტოს, მიუსადაგოს თუ არა მას ახალი შეზღუდვები: "აქედან გამომდინარე, "დამოკლეს მახვილი" როგორც ეკიდა დიპლომატიურ და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემულ გრანტებზე, ასევე კიდია ახლაც და ეს ყველაფერი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ამ რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებაზე იქნება დამოკიდებული, განახორციელონ თუ არა აი ეს ეგრეთ წოდებული ცვლილება".

სანდრო ბარამიძე ასევე ეხმაურება მმართველი გუნდის არგუმენტებს სუვერენიტეტსა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის შესახებ. მისი თქმით, როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს ეხება, საერთაშორისო ვალდებულებები სუვერენიტეტის პრინციპზე მაღლა დგას.

"ოცნება" მუდმივად აპელირებს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებზე, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებზე. როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს, არავითარი სუვერენიტეტი, არავითარი შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი არ გამოდგება იმისთვის, რომ გამართლებულ იქნეს ადამიანის უფლებების ფეხქვეშ თელვა. პირიქით, არათუ უფლება აქვს ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, რომ მოსთხოვოს პასუხი ამ რეჟიმს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ეს მისი ვალდებულებაცაა, იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ გაეროს წესდებაზე, ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო მრავალმხრივ კონვენციებზე", - ამბობს ბარამიძე.

კითხვაზე, თუ რა არის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, იურისტი აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ საქმიანობა და პროტესტი უნდა გააგრძელოს, რასაც მიმდინარე წლის საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს.

"გამოსავალი ის არის, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის საქმიანობა, რაც მართალია აგვიკრძალეს, მაგრამ რაც, ჩვენი აზრით, არის სავსებით სამართლიანი, სამართლებრივი და რაც ეხება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, მათ დაცულობას, მათ დაცვას რეპრესიული სახელმწიფო აპარატისგან. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ვაგრძელებთ კიდევაც. მთლიანობაში საზოგადოებამ არა მხოლოდ კანონშემოქმედების, არამედ ამ ეგრეთ წოდებული კანონების აღსრულებისკენ მიმართული პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

ჩვენ ვხედავთ, რომ უამრავი რეპრესიული და დიქტატორული რეჟიმი, თუ ამ რეჟიმის მესვეური, ამ თუ იმ მეთოდით, ამ თუ იმ მოვლენების გამო, ახლა აღარ არის და ვეღარ აგრძელებს იმას, რასაც აკეთებდა უწინ. აიღეთ მაგალითად მადუროს ამბავი, ირანის ამბავი; აიღეთ ორბანის მაგალითი, როდესაც არც არავინ ელოდა, რომ ორბანი ხელისუფლებას დათმობდა, მაგრამ ისეთი ყოფილა ხალხის ძალა, იმდენი ყოფილა ორბანის საწინააღმდეგო პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობა, რომ საბოლოო ჯამში აი ამ ევროპელ დიქტატორსაც მოუხდა ხელისუფლებიდან წასვლა. ეს არის გამოსავალი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა, ჩვენ არ უნდა შევეპუოთ ამათ უკანონო ანტიკონსტიტუციურ ძალადობრივ კანონშემოქმედებას თუ კანონების აღსრულებას", - ამბობს იურისტი "ანალიტიკას" ეთერში.

პარლამენტმა 15 აპრილს მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებას. ცვლილების თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

მანამდე კი "ქართულმა ოცნებამ" კიდევ უფრო გაამკაცრა "გრანტების შესახებ" კანონი და სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა ხელისუფლების არაღიარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები