მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონება მიიღო „აჭარა ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ მთავრობისგან პირდაპირი მიყიდვის წესით?

6437e05fd8a21
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.23 15:10
1537
საქართველოს მთავრობის 3 აპრილის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „არაზინდოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” განკარგულება გამოსცა. გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის განკარგულებები რამდენიმე წელია არ ქვეყნდება, უცნობი იყო რა ქონება და რა ფასად გადაეცა 1999 წელს დაფუძნებულ კომპანია „არაზინდოს“, რომელიც შუამავალი კომპანიების მეშვეობით, ბიზნესმენ თემურ უგულავას საკუთრებაში არსებული ჰოლდინგის - “სითი ლოფტის” საკუთრებაშია, შესაბამისად „აჭარა ჯგუფის“ ერთ-ერთ შვილობილი კომპანიაა.

საკითხის გასარკვევად BM.GE-მ „აჭარა ჯგუფს“ მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ საქმე აბასთუმანში კომპანიის სასტუმროს პროექტის ფარგლებში არსებულ მიწის ნაკვეთს ეხება, რომელი სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა.

„წინა კვირას, Rooms Abastumani-ს პროექტის განვითარების ფარგლებში პირდაპირი მიყიდვის წესით კომპანიამ დამატებითი მიწის ნაკვეთი – სასტუმროს შიდა ეზო შეიძინა, რომელიც კომპანიის საკუთრება არ იყო, თუმცა პროექტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ჩატარდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასება და, შესაბამისად, მოხდა სახელმწიფო ქონების პრივატიზება 256 500 ლარად, კომპანიას კი მომდევნო ორი წლის განმავლობაში დამატებით 100 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულება გაუჩნდა“, - განმარტავენ BM.GE-სთან „აჭარა ჯგუფში“.

მათივე ცნობით, Rooms Abastumani-ს პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონ 550 ათასი დოლარია და ის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) თანადაფინანსებით ხორციელდება.

„სასტუმროს განვითარებით გვსურს, ხელი შევუწყოთ აბასთუმნის, როგორც გამაჯანსაღებელი კურორტის პოზიციონირებას მსოფლიო რუკაზე. Rooms Abastumani უნიკალური კლიმატის მქონე საკურორტო ზონაში, ისტორიული სანატორიუმი „არაზინდოს“ შენობაში მდებარეობს, რომელიც მისი თავდაპირველი გახსნიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, 2024 წელს ახალ სიცოცხლეს შეიძენს“, - აცხადებენ „აჭარა ჯგუფში“.

ცნობისთვის, სასტუმროში 76 ოთახთან ერთად რესტორანი, ბარი, საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეები მოეწყობა. პროექტი 150-მდე სამუშაო ადგილს შექმნის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი, მაღალანაზღაურებადი დასაქმების პერსპექტივებს გააჩენს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ეკონომიკის განვითარებას. პროექტის ფარგლებში ასევე ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID-თან).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები