მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებას ფლობს დაკავებული დავით ტაბიძე?

12

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, დავით ტაბიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდება ეხება "ლაგი კაპიტალის" საქმეს და ბიუჯეტიდან გამოყოფილ 9.4 მლნ ლარს. ამ საქმეზე დაკავებულები იყვნენ, თუმცა შემდეგ გირაოთი გათავისუფლდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ისინი ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

ტაბიძეს 9-12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, ფინანსურმა პოლიციამ კომპანია „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელები სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავა.

საქმე ეხება „მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებასა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას“.

დავით ტაბიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელად 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა და თანამდებობას 2025 წლის მაისამდე იკავებდა. მისი თანამდებობაზე ყოფნა ემთხვევა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ირაკლი ქარსელაძის მუშაობას. ახალმა მინისტრმა რევაზ სოხაძემ მისი შემცვლელი 6 მაისს წარადგინა.

BMG დაინტერესდა დავით ტაბიძის ქონებრივი მდგომარეობით. მას დეკლარაცია მიმდინარე წლის ივნისში აქვს შევსებული. დოკუმენტის მიხედვით, ის ფლობს 2016 წელს ნაყიდ 282 კვ.მ მიწის ნაკვეთს ზუგდიდში, სოფელ ერგეტაში. სხვა ტიპის უძრავი ქონება მას ან მის ცოლს დეკლარაციაში არ აქვთ მითითებული.

დეკლარაციის მიხედვით, მის ცოლს ეკატერინე დადიანსა და შვილს საქართველოს ბანკში 55676 და 29385 ლარის ანაბარი აქვთ. ასევე მის ცოლს აქვს კიდევ ერთი ანაბარი 320000 ლარის, რაზეც უთითებს რომ ბინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილია.

ტაბიძეს 2024 წელს მუნიციპალური ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობიდან მიღებული აქვს 99714 ლარის შემოსავალი, რაც ნიშნავს, რომ თვეში დაახლოებით 8300 ლარს იღებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები