მიწა და ბინები ქმრის და საკუთარ სახელზე, "ლიბერთი ბანკის" აქციები - ასეთია ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის დეკლარაციაში ასახული ქონებრივი მდგომარეობა, რომელიც საჯარო მოხელემ გასული წლის დეკემბერში შეავსო და 2024 წლის ბოლოსთვის არსებულ შემოსავლებს და გასავალს ასახავს.
თამარ იოსელიანი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ 2025 წლის 16 ოქტომბრიდან დაინიშნა, მანამდე 7 თვის განმავლობაში „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ადგილს, 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მარტამდე კი "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. ამ თანამდებობაზე თამარ იოსელიანმა სახელფასო ანაზღაურების სახით 2024 წელს 135 ათას ლარზე მეტი მიიღო.
2025 წლის ბოლოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იოსელიანის ქმარი ზურაბ ბაკურაძე მიწის ნაკვეთს და ბინას ფლობს. დუშეთის მუნიციპალიტეტში 349 კვ.მ მიწის ნაკვეთი ზურაბ ბაკურაძემ 2020 წელს 1500 დოლარად იყიდა. ატენის ქუჩაზე მდებარე 56 კვ.მ ბინა კი 2022 წელს 54 000 დოლარად შეიძინა. ბათუმში 41.6 კვ. ბინას ფლობს თავად იოსელიანი, რაშიც 2016 წელს 47 000 დოლარი გადაიხადა.
დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ თამარ იოსელიანმა 2010 წელს "ლიბერთი ბანკის" აქციები იყიდა 1000 ლარად. ის ჯამში კომერციულ ბანკში 28 735 აქციას ფლობს. იოსელიანი ასევე იყო შპს ბათუმი ფიშინგ კომპანის დირექტორი. ამ კომპანიას ფლობს რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე შალვა ბრეუსი.
ქონებრივ დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში პროტოკოლის
სამსახურის კოორდინატორის თანამდებობაზე ზურაბ ბაკურაძემ 2024 წელს 69 419 ლარის ანაზღაურება მიიღო, ხოლო იოსელიანმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი იყო, 1608 ლარი აიღო. როგორც შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კი თამარ იოსელიანმა 2024 წელს 135 675 ლარი მიიღო. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იოსელიანი 2023 წელს დაინიშნა.




























