მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებას ფლობს განათლების ახალი მინისტრი? - ალექსანდრე წულაძის დეკლარაცია

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე წულაძე წარადგინა. წულაძემ პოსტზე კერძო სექტორში გადანაცვლებული გიორგი ამილახვარი შეცვალა.

განათლების ახალი მინისტრის სამუშაო გამოცდილება ასეთია:

  • 2023/12 – 2024/08 – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;
  • 2019-2023 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
  • 2017-2019 – იურიდიული კომპანია CLL Law Firm-ის მმართველი პარტნიორი;
  • 2017-2019 – თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი;
  • 2015-2017 – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი;
  • 2012-2015 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
  • 2011-2012 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი;
  • 2010 – 2011 - თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციული ბიუროს უფროსი;
  • 2007-2009 – იურიდიული კომპანიის იურისტი;
  • 2005-2006 – სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

განათლების სისტემასთან პირველი კავშირი იურისტ ალექსანდრე წულაძეს 2023 წელს ჰქონდა, როცა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

დეკლარაცია

ივლისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, წულაძეს ჰყავს მეუღლე ეკატერინე ჯანაშია და არასრულწლოვანი შვილი.

ახალი მინისტრი ფლობს 2 ბინას თბილისში, მიხეილ ბურძგლას ქუჩაზე. ასევე ორ ავტოფარეხს იმავე მისამართზე. ჩუქების გზით მიღებულ 905 კვ.მ მიწას წყნეთში და 200 000 ლარად ნაყიდ 1500 კვ.მ მიწას წყნეთში. მისივე საკუთრებაა არასაცხოვრებელი ფართი და სარდაფი აღმაშენებლის გამზირზე.

მისი მეუღლის საკუთრებაა ჩუქებით მიღებული საცხოვრებელი სახლი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და წავკისში, 2017 წელს 12 500 დოლარად შეძენილი 570 კვ.მ მიწა.

ალექსანდრე წულაძე ფლობს 2018 წელს ნაჩუქარ მისაღებს, ჭაღს და დასადგამ საათს, რომლის ფასიც 10 000 ლარზე მეტია, რადგან დეკლარირების საჭიროება ამ თანხაზე ჩნდება.

რაც შეეხება ფინანსურ ანგარიშებს, "საქართველოს ბანკის“ სახელფასო ბარათზე დეკლარაციის შევსების მომენტში წულაძეს ჰქონდა 7 278 ლარი, ანაბარზე - 28 119,89 აშშ დოლარი, ხოლო ნაღდი ფულის სახით - 52 000 აშშ დოლარს (როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ქონების რეალიზაციიდან მიღებული).

სახელფასო სარგოს სახით, წულაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის მიღებული აქვს 2023 წლის განმავლობაში 129 532 ლარი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კომისიის წევრობისთვის 3 235 ლარი, ხოლო განათლების მინისტრის მოადგილის პოსტზე 694 ლარი. საინტერესოა, რომ წულაძე მინისტრის პოსტზე 29 დეკემბერს დაინიშნა, შესაბამისად დეკლარაცია ასახავს 29.12.2023 - 31.12.2023 პერიოდს. ანუ არა სრულ სამ დღეში მიიღო მინისტრის პირველმა მოადგილემ 694 ლარის ხელფასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები