მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემთვის გასაკვირი არაა, რომ ადამიანების რაღაც რაოდენობა უკმაყოფილებას გამოხატავს - განათლების მინისტრი

ალექსანდრე წულაძე

განათლების ახალი მინისტრის, ალექსანდრე წულაძის თქმით, მისთვის გასაკვირი არაა, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ნაწილი საგანმანათლებლო სფეროშიც არის და "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილებას გამოხატავს.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაფიცვაზე ჰკითხეს, რაზეც მან აღნიშნა, რომ ბუნებრივია, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ყველა სფეროში არიან, მათ შორის საგანმანათლებლო მიმართულებით დასაქმებულ ასი ათასობით ადამიანს შორის.

"ჩვენ მონაცემები გვაქვს იგივე საარჩევნო შედეგების მიხედვით, რამდენი ადამიანი არის ჩვენი ამომრჩეველი და რამდენი არ არის. ისიც ბუნებრივია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც არიან ოპოზიციურად განწყობილი, არის ყველა სფეროში, მათ შორის საგანმანათლებლოში. სასწავლო სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 100 ათასობით არის, აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ რაღაც ნაწილი იქნება მმართველი ძალის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო, მოაწერს ხელს პეტიციას",- განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

მისივე თქმით, არ არსებობს გაფიცული მასწავლებლების სია. მინისტრი ირწმუნება, რომ არსებული ვითარება, სასწავლო პროცესის ჩაშლას არ ნიშნავს.

"ასეთი სია, რამდენი მასწავლებელია დღეს გაფიცული არ გვაქვს. არც იქნება ნორმალური, რომ ასეთი რაოდენობები გვქონდეს. სასწავლო პროცესი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ვიცით, რომ რაღაც სკოლებში არ არის დღეს მაღალი დასწრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესი ჩაიშალა. პირიქით, სასწავლო პროცესი გაგრძელდება ჩვეულებრივ, როგორც მიმდინარეობდა აქამდე",- თქვა მინისტრმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი, პროტესტი მოჰყვა. განცხადება დაგმო არაერთმა უნივერსიტეტმა, პროტესტს შეუერთდა პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი, ასევე პროტესტის ნიშნად, გაფიცულია არაერთი სკოლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები