მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წულაძე გერმანიის განცხადებაზე: ეს მხოლოდ განათლების სამინისტროების თანამშრომლობის შეჩერებას ეხება

წულაძე

საქართველოს განათლების მინისტრ ალექსანდრე წულაძის თქმით, გერმანული მხარის განცხადება ეხება მხოლოდ ორი უწყების – საქართველოს განათლების სამინისტროსა და გერმანიის განათლების სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერებას და არა სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს.

მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებითაც დასტურდება, რომ Erasmus+-ისა და DAAD-ის პროგრამების შეჩერება არ იგეგმება.

„თავად ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული განცხადებით დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სასტიპენდიო პროგრამებზე, მათ შორის, არც Erasmus+-ისა და DAAD-ის პროგრამებზე.

ხაზგასმით მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, განცხადება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ორი უწყების – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერებას.

აქვე დავამატებ, რომ პირადად ჩემთვის გამაოგნებელია ამ პირების პოლიტიკური მიზნები და ინტერესები, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ", - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართულ-გერმანული სამეცნიერო თანამშრომლობა გააჩერა. დღეს კი, გერმანიის განათლების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაკონკრეტებულია, რომ პროექტები და ინდივიდუალური დაფინანსება კვლავაც გაგრძელდება. თუმცა, ამასთანავე სამინისტრო რეკომენდაციას უწევს გერმანიის უნივერსიტეტებს, კვლევით და განმახორციელებელ ორგანიზაციებს შეაჩერონ ინსტიტუციური თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან სამართლებრივი შესაძლებლობების ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები