მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებას ფლობს ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე

602fd557d7937
შოთა ტყეშელაშვილი
19.02.21 19:34
2143
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა. მასში მხოლოდ ორი ცვლილებაა, პოსტს ტოვებს ინფრასტრუქტურის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და მას პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ანაცვლებს. თავდაცვის სამინისტროს კი, ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად, ჯუანშერ ბურჭულაძე უხელმძღვანელებს.

ირაკლი ქარსელაძე 2018 წლის აპრილიდან ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი ეჭირა. იქამდე კი, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ამავდროულად იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. ამ ორგანიზაციების დამფუძნებელი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილია.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ირაკლი ქარსელაძემ ქონებრივი დეკლარაცია 3-ჯერ წარადგინა, რაც მის 2019; 2018 და 2017 წლებში მის ქონებრივ მდგომარეობას ასახავდა. უახლესი დეკლარაციის მიხედვით. მის საკუთრებაშია თბილისში, ეკატერინე ბაღდავაძის ქუჩაზე მდებარე 549 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და 311 კვადრატული მეტრის ფართობის სახლი. ამ უძრავი ქონების შესყიდვის თარიღად 2017 წელი, მის საფასურად კი 100,000 დოლარი არის მითითებული.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს მის საბანკო ანგარიშზე 81,819 დოლარი იყო განთავსებული.

ირაკლი ქარსელაძის დეკლარაციის თანახმად, 2019 წელს მისი ჯამური ანაზღაურება მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე 63,757 ლარს შეადგენდა. ბევრად დიდი შემოსავალი ჰქონდა მას 2018 წელს, როდესაც სამინისტროში გადასვლამდე ტურიზმის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა. ამ წელს სამინისტროში მისი ჯამური ანაზღაურება 43,920 ლარი იყო. ტურიზმის განვითარების ფონდში (შვილობილი კომპანიების ჩათვლით), ასევე თანაინვესტირების ფონდში, მისი ჯამური ანაზღაურება 148,774 ლარს შეადგენდა. 2017 წელს საჯარო სამსახურში გადასვლამდე ამავე ორგანიზაციებში ირაკლი ქარსელაძემ ანაზღაურების სახით 303,186 ლარის შემოსავალი.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან 2019 წელს უძრავი ქონების გაქირავებიდან 40,166 ლარის შემოსავალი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები