6-თვიანი "ტექნიკური ხარვეზის" შემდეგ ქონებრივი დეკლარაციები გაიხსნა.
BM.GE გთავაზობთ "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ შევსებულ უახლეს დეკლარაციას.
2025 წლის 30 მარტს ჩაბარებული დეკლარაციის თანახმად:
ირაკლი კობახიძის მფლობელობაშია 157,8 კვ.მ. ბინა, ასევე ავტოფარეხი თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე, რომლებიც 2016 წელს ჩუქების გზით მიიღო. მის სახელზე სხვა უძრავი ქონება არ ფიქსირდება.
დეკლარაციის თანახმად, მის საბანკო ანგარიშებზე იყო 45 008,63 დოლარი (მიმდინარე ანგარიში) და 20 298,4 ლარი (საკრედიტო ანგარიში).
2024 წლის 8 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე კობახიძეს ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 40 249,52 ლარი (ხელზე აღებული თანხა), 2024 წლის 1 იანვრიდან 8 თებერვლამდე, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა 6 311,01 ლარი მიიღო, ამასთან, გასულ წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის პოზიციაზე კობახიძემ 16 572,05 ლარი მიიღო.
გასულ წელს ირაკლი კობახიძემ შვილების, გიორგი და ნიკო კობახიძეების სწავლის გადასახადის სახით 38 347,08 ლარი გადაიხადა.
ამასთან, დეკლარაციაში მოცემული ინფორმაციით, კობახიძემ 2024 წელს ავტომობილის გასხვისებით 18 000 დოლარის შემოსავალი მიიღო.




























