მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო შეუერთდა საფრანგეთის დეკლარაციას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ

232
02.10.25 16:58
1121

საქართველო შეუერთდა საფრანგეთის ინიციატივას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ. დეკლარაციას ხელი "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, ღონისძიება კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

"პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მკაცრ პოლიტიკაზე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, ასევე დააკავეს რამდენიმე ათეული მსხვილი ნარკორეალიზატორი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას ნარკოტიკების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ საფრანგეთის ინიციატივა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის შექმნის შესახებ, ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, სამიტის ფარგლებში, კობახიძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“. მან საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფანში ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, მინერალური რესურსების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს კრიტიკული მნიშვნელობის მინერალების სტაბილური და დივერსიფიცირებული მიწოდების ჯაჭვების არსებობას არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ გლობალურად.

„საქართველოს მიზანია შუა დერეფნის შემდგომი განვითარება მისი ეფექტურობის გაუმჯობესებით, რითაც გაძლიერდება დერეფნის, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტის როლი. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს, შუა დერეფანში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანზიტო კარიბჭის ფუნქცია შევასრულოთ. პორტების, რკინიგზისა და ავტომაგისტრალების სისტემების მეშვეობით, ჩვენი ქვეყანა ხელს უწყობს ტვირთების სწრაფ გადაადგილებას და ზრდის დერეფნის კონკურენტუნარიანობას, რაც აძლიერებს საქართველოს როლს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რაც ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები