მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებას ფლობს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე - დეკლარაცია

ვიქტორ სანიკიძე

ქართული ოცნების წევრმა, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელშიც 2025 წელს მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების, ასევე უძრავი ქონებისა და დანაზოგების შესახებ მიუთითა ინფორმაცია.

დეკლარაციის თანახმად, სანიკიძე ფლობს 175 კვადრატული მეტრის ბინას თბილისში, ტაბიძის #56-ში, რომელიც ჩუქებით მიიღო. ასევე ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 820 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს მცხეთის სოფელ კოტორაანთკარში, ასევე 2023 წელს 1,041,200 ლარად შეძენილ 219 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ სახლს თბილისში, ღოღობერიძის ქუჩაზე. ასევე, თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე არსებული 26994 კვადრატული მეტრის უძრავი ქონების 1%-ს, რომლის თანამფლობელებადაც დეპუტატი 25-ზე მეტ პირს უთითებს. დეკლარაციის თანახმად, ვიქტორ სანიკიძის მეუღლე მაია ბიწაძე ფლობს ჭავჭავაძის #37-ში 95 კვადრატული მეტრის ბინას, რომელიც 2023 წელს 180,000 დოლარად შეიძინა. ასევე სანიკიძე ფლობს დავით გამრეკელის ქუჩა #17-ში 198 კვადრატული მეტრის სახლის 50%-ს. ასევე სანიკიძე დეკლარაციაში უთითებს რამდენიმე ავტოფარეხს, რომლებიც მისი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ არის განთავსებული.

საბანკო დანაზოგებიდან დეპუტატი ფლობს 187,268 დოლარის დეპოზიტს შვეიცარიულ ბანკ EFG BANK – European Financial Group-ში. გარდა ამისა, აქვს ქართულ ბანკებში განთავსებული დანაზოგები 37 ათას ლარამდე და 7 ათას დოლარამდე ოდენობით. დეკლარაციაში დეპუტატი ასევე უთითებს ნაღდ ფულს 68 ათასი დოლარის ოდენობით.

მიღებული შემოსავლებიდან ვიქტორ სანიკიძემ პარლამენტში ხელფასის სახით 119,731 ლარი მიუთითა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კი 61,530 ლარი მიიღო.

რაც შეეხება სხვა ქონებას, ვიქტორ სანიკიძემ დეკლარაციაში ROLEX-ის ორი საათი მიუთითა 11 ათას დოლარად და 8 ათას ევროდ შეძენილი 2015 და 2017 წლებში. ასევე მეუღლის მაჯის საათი 7.6 ათას ევროდ 2023 წელს შეძენილი.

მსუბუქი ავტომობილებიდან დეკლარაციაში მითითებულია, რომ სანიკიძე ფლობს Toyota Camry-ის, რომელიც 2025 წელს მამისგან ჩუქებით მიიღო.

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, დეკლარაციაში აღნიშნულია ორი შპს - "კალათბურთის აკადემია", სადაც ის 50%-ის წილს ფლობს და შპს "სანი სპორტს", სადაც ის 100%-ს ფლობს. დეკლარაციის თანახმად, აღნიშნული კომპანიებიდან 2025 წელს შემოსავლის მიღება არ მომხდარა.

რაც შეეხება ვალდებულებებს, ვიქტორ სანიკიძე უთითებს 2023 წელს აღებულ 400,000 დოლარის იპოთეკურ სესხს, რომლის მომსახურებაზეც 2025 წელს 45 ათასი დოლარი დახარჯა.

    გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

    მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები