დღეს ქრთამის აღების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავეს. ის ამ თანამდებობას 2021 წლიდან 2025 წლის აპრილამდე იკავებდა. სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის ინფორმაციით, ახობაძემ 2024 წლის აპრილში ქრთამის სახით აიღო ნაღდი ფული 250,000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 40 მილიონი რუბლის გატარების საქმეს უკავშირდებოდა.
2025 წლის ამსახველი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ახობაძის წლიური ანაზღაურება 136,000 ლარს შეადგენდა, რაც თვეში 11,300 ლარს შეადგენს. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დოკუმენტის თანახმად, ახობაძის საბანკო ანგარიშებზე ჯამურად 10,000 ლარზე ნაკლები თანხა იყო განთავსებული, ამასთან დეკლარაციის მიხედვით, მან მამისგან 12,000 დოლარის საჩუქარი მიიღო.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, ლევან ახობაძე თბილისში ფლობს ერთ ბინას 125 კვადრატული მეტრის ფართობით ჭყონდიდელის ქუჩაზე, რომელიც დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს, 72 ათას დოლარად, იპოთეკური კრედიტით იყო შეძენილი.
ახობაძე ასევე არის რამდენიმე მიწის ნაკვეთს თანამფლობელი მისი ოჯახის წევრებთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტ მთისძირში, რომლის მიღებაც 1995 წელს მოხდა. ეს მოიცავს 3000; 1200; 2100; 2200 და 1400 კვადრატულ მეტრს. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ლევან ახობაძის მეუღლე თათია კაჭარავა ფლობს 599 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ჟინვალში, რაც 2011 წელს მემკვიდრეობით მიიღო.
დეკლარაციის თანახმად, ლევან ახობაძე ემსახურებოდა ორ იპოთეკურ სესხს - 130 ათასი ლარის და 97 ათასი ევროს ოდენობით, თუმცა არაა მითითებული თუ რომელ ქონებაზე იყო მეორე იპოთეკური სესხი, პირველ სესხზე მისი ხარჯი 2025 წელს 27 ათას ლარს, მეორე სესხზე კი 9.4 ათას ევროს შეადგენდა.
სუს-ის განცხადებით, ახობაძემ 250,000 ლარის ქრთამი 2024 წელს, საკუთარ სამუშაო კაბინეტში აიღო:
სუს-ის ინფორმაციით, მას საზღვარზე დიდი რაოდენობით რუბლის გადატანის მფარველობისთვის ქრთამის სახით ₾250,000-ს აღება ედება ბრალად. ამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, იკავებდა რა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის თანამდებობას, მისთვის ცნობილი გახდა, რომ კერძო მეწარმეს, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ჩამოერთვა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 000 000 რუსული რუბლის (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) ოდენობით. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად ან არასწორი დეკლარირებით, ჯარიმდება ნაღდი ფულის ღირებულების 10%-ის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ხსენებულმა მეწარმემ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისა და კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით, სამართლებრივი პროცედურების დაცვით, მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის ორგანოებს, თუმცა თანხის დაბრუნებაზე უარი მიიღო. ამის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე, შუამავალი პირების მეშვეობით დაუკავშირდა მას და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა. მოლაპარაკებების შედეგად, კანონით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმის გადახდის გზით, მეწარმემ 2024 წლის 30 აპრილს, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დაიბრუნა ჩამორთმეული ფულადი თანხა, რის შემდეგაც ლევან ახობაძე შუამავლების მეშვეობით, კვლავ დაუკავშირდა მას და დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარის გადახდა მოსთხოვა, თუმცა როგორც ერთ-ერთი ჩვენებიდან ირკვევა, სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა, ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს გადასცა 250 000 ლარი. ასევე დადგენილია, რომ ქრთამის სახით გადახდილი თანხა იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის იმჟამინდელ მოადგილეს მისსავე სამუშაო ოთახში გადაეცა.
აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილებისა და შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვების, ასევე სხვა მსგავსი დანაშაულების გამოვლენის მიზნით“, - განაცხადა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ.




























