2026 წლიდან სახალხო დამცველის ხელფასი იზრდება. ლევან იოსელიანი ყოველთვიურად, 13 140 ლარის ნაცვლად, 14 400 ლარს აიღებს. ზრდა - 1 260 ლარია.
საქმე ისაა, რომ "სახალხო დამცველის შესახებ" კანონის თანახმად, ომბუდსმენის ანაზღაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურების ტოლი უნდა იყოს.
BM.GE დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ლევან იოსელიანი, რომელმაც ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2025 წლის თებერვალში შეავსო და ის 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს ასახავს, როდესაც ომბუდსმენის ანაზღაურება 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა.
ომბუდსმენის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2022 წლის ივნისში იოსელიანმა შეიძინა 201 კვადრატული მეტრის ბინა საირმის ქუჩაზე. გარიგების ღირებულება 126 ათას დოლარს შეადგენდა.
2020 წელს კი იოსელიანის მეუღლემ, თეა ნასარიძემ, კიკეთში 1398 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 62 ათას დოლარად იყიდა.
იოსელიანს ჰყავს ერთი ავტომობილი Toyota RAV4, რომელიც 2015 წელს 20 ათას დოლარად აქვს ნაყიდი.
დეკლარაციის თანახმად, 2024 წელს ლევან იოსელიანის ჯამურმა ანაზღაურებამ, რომელიც ომბუდსმენმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან და საქართველოს გაეროს ასოციაციიდან მიიღო, 104 442 ლარი შეადგინა.
მისი მეუღლის ანაზღაურებამ, რომელიც შპს "ენტოს" იურისტი და შპს CBD Development-ისა და BD Propert-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსია, გასულ წელს, ჯამურად 201 316 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, პარლამენტმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად 2023 წელს აირჩია. მანამდე ის 2020 წლიდან პარტია "მოქალაქეების" მანდატით დეპუტატი იყო, 2021 წლის თებერვლიდან კი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.



























