ინვესტირება დოვლათის შექმნის და ქონების დაგროვების ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, რომელსაც ინვესტორები უკვე 100 წელიწადზე მეტი ხანია მიმართავენ. საფონდო ბირჟაზე თანხის დაბანდება მარტივი ნამდვილად არ არის, რადგან ბირჟაზე აქტივების უაღრესად მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს საკმაოდ ართულებს.
გამოწვევების მიუხედავად, საფონდო ბირჟას არაერთი ადამიანი გაუმდიდრებია და მათ შორის ერთ-ერთ გამორჩეული ცნობილი ინვესტორი ბილ აკმანია, რომელიც ჰეჯ-ფონდ Pershing Square-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. თავისი კარიერის განმავლობაში, აკმანმა 4 მილიარდ 300 მილიონი დოლარის ქონების დაგროვება შეძლო, რაც საფონდო ბირჟაზე მის წარმატებასთანაა დაკავშირებული.
ცოტა ხნის წინ, ბილ აკმანმა ცნობილი პოდკასტის ავტორთან, ლექს ფრიდმანთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის ინვესტირების სტრატეგიებზე და ცხოვრებისეულ რჩევებზე საუბრობს.
პირველი შეკითხვა, რომელიც ფრიდმანმა აკმანს დაუსვა, მის საყვარელ წიგნს, „გონიერ ინვესტორს“ უკავშირდებოდა, რომელიც ბენჟამინ გრემს ეკუთვნის. ჰეჯ-ფონდის დამფუძნებელი გვიხსნის, თუ რატომ ურჩევს ის ყველას ამ წიგნის წაკითხვას და რა არის მისი მთავარი სათქმელი:
„ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც ინვესტირების შესახებ წავიკითხე და მან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, უფრო მეტიც, ჩემი კარიერული განვითარების გზა სწორედ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შეიცვალა. ეს არის წიგნი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის და „დიდი დეპრესიის“ შემდეგ დაიწერა, ანუ პერიოდში, როდესაც ადამიანებს სრულად ჰქონდათ დაკარგული ნდობა საფონდო ბირჟის, ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტირების მიმართ. წიგნი მარტივ ენაზეა დაწერილი და ის ჩვეულებრივმა მკითხველმაც მარტივად უნდა გაიგოს. ძირითადი საკითხი, რასაც ავტორი განიხილავს, ფასს და ღირებულებას უკავშირდება. გრემი გენიალურად გადმოსცემს სათქმელს და მარტივ ფორმულას გვთავაზობს: ფასი არის ის, რასაც იხდი; ღირებულება არის ის, რასაც შენ იღებ.
საფონდო ბირჟა არის ხელსაწყო, რომელიც ფასსა და ღირებულებას შორის სხვაობით სარგებლის მიღების შესაძლებლობას გაძლევს, თუკი იაფად დიდ ღირებულებას შეიძენ, მაშინ იხეირებს, თუ არა - პირიქით. ინვესტირების პროცესში ყველაზე რთული შეფასებაა, ანუ წარმოდგენილი აქტივებისთვის რეალისტური ფასის მინიჭება და სამომავლო პროგნოზების გაკეთება.
მოკლევადიან პერსპექტივაში, საფონდო ბირჟა ხმის მიცემის მანქანაა, რომელიც სპეკულატორების, ტრეიდერების და ბაზრის მონაწილეების ხმებს ითვლის. გრძელვადიან პერსპექტივაში, საფონდო ბირჟა ფინანსურ სასწორს ჰგავს, რომელიც აქტივებს ზუსტად იმ ფასს ანიჭებს, რომელთაც ისინი იმსახურებენ. თუკი კარგად შეგიძლია აქტივების ღირებულების განსაზღვრა, მაშინ საფონდო ბირჟას შეუძლია გაგამდიდროს, აი, ეს არის ამ წიგნის მთავარი სათქმელი“.
ბილ აკმანი სპეკულირებასა და ინვესტირებას შორის არსებულ განსხვავებაზეც საუბრობს. მისი შეფასებით, ინვესტირება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე სპეკულაცია ან ტრეიდინგი, რადგან ინვესტორმა გათვლები ათწლეულებზე უნდა გააკეთოს და თან ურთულეს ვითარებაშიც კი მოთმინება გამოიჩინოს.
„სპეკულაციასა და ინვესტირებას შორის დიდი განსხვავებაა. სპეკულატორები საბაზრო ტენდენციით სარგებლის მიღებას და მოკლევადიან პერიოდში მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობენ. ინვესტირება გაცილებით რთულია და ის მეტ შრომას მოითხოვს, ინვესტორმა უნდა შეისწავლოს ბაზარი, ინდუსტრია, კომპანია, მისი კონკურენტები, მენეჯმენტი, სამომავლო სტრატეგია, პროდუქტი და განჭვრიტოს მომავალი. გარდა ამისა, ინვესტორმა სწორად უნდა დაიცვას ბალანსი ფასსა და ღირებულებას შორის, რადგან, შესაძლოა, კომპანია ნამდვილად კარგი იყოს, თუმცა ის ზედმეტად ძვირად იყოს შეფასებული, რაც მას არაოპტიმალურ საინვესტიციო შეთავაზებად აქცევს. სპეკულირება ჰგავს კრიპტოაქტივის ყიდვას, რადგან ტრეიდერები მას მხოლოდ იმიტომ ყიდულობენ, რომ მოკლე ვადაში სარგებელი მიიღონ. შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში, კრიპტოაქტივებმა გარკვეული რეალური ღირებულება შეიძინონ, თუმცა ამისათვის მათ არავინ ყიდულობს“.
მორიგი საკითხი, რომელზეც აკმანი საუბრობს, ღირებულებითი ინვესტირების სტრატეგიას უკავშირდება. ჰეჯ-ფონდის დამფუძნებელი გვიხსნის, თუ როგორ უნდა გავზომოთ აქტივის რეალური ღირებულება და როგორ დავადგინოთ სწორი ფასი:
„საინვესტიციო აქტივის რეალური ღირებულება არის ის თანხა, რომლის გენერირებას ეს აქტივი თავისი არსებობის პერიოდში შეძლებს. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, წარმოვიდგინოთ სახაზინო ობლიგაცია, რომელიც წლიურად 5%-იან სარგებელს იხდის. ამ აქტივის ღირებულების დადგენა საკმაოდ მარტივია, რადგან ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, თუ რა სარგებლის გენერირება შეუძლია მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. კომპანიების აქციების შემთხვევაში ვითარება შედარებით რთულადაა, რადგან ობლიგაცია გარანტირებულ სარგებელს იძლევა, თუკი მისი გამომშვები არ გაკოტრდება, მაგრამ კომპანიის შემთხვევაში ასეთი გარანტია არ არსებობს და გიწევს გამოიცნო, თუ რა შემოსავალს მიიღებს ის მომავალში. მოგიწევს განსაზღვრო, თუ რამდენ პროდუქტს გაყიდის ის წლის განმავლობაში, რამდენი თანხა იქნება საჭირო კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, რამდენი უნდა დაიხარჯოს წარმოების გაფართოებაზე და რას იზამენ კონკურენტები? ცხადია, ამ ყველაფრის გამოთვლა გაცილებით უფრო რთულია და სწორედ ამიტომ არ არის ინვესტირება მარტივი. ჩემი ჰეჯ-ფონდის მიზანი ისეთი კომპანიების პოვნაა, რომელთაც ათწლეულების შემდეგაც კი სტაბილური შემოსავალი ექნებათ, თუკი კომპანია ამ კომპონენტს არ აკმაყოფილებს, მაშინ მასში თანხის დაბანდება სპეკულაციად უფრო უნდა ჩაითვალოს, ვიდრე ინვესტიციად“.
საინტერესოა, თუ რა ფაქტორებს აკვირდება ბილ აკმანი კომპანიაში ინვესტირებისას და როგორ ხვდება ის, კომპანია მომავალშიც შეძლებს თუ არა შემოსავლის მიღებას?
„ყველა ადამიანს განსხვავებული გემოვნება აქვს, შესაბამისად, ისინი განსხვავებულ ბრენდებს ანიჭებენ უპირატესობას. ჩვენ ვცდილობთ ისეთი კომპანიების პოვნას, რომელთაც კონკურენტები უბრალოდ ვერ ჩაანაცვლებენ. აი, წარმოიდგინეთ, რომ საფონდო ბირჟა ათი წლით დაიხურა, თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი რჩეული კომპანია ათი წლის შემდეგაც კი იმაზე უფრო ღირებული იქნება, ვიდრე ის ახლაა.
ერთ-ერთი ბიზნესი, რომელსაც ვფლობთ Universal Music Group-ია, რომელიც ცნობილი მუსიკოსების ინტელექტუალურ საკუთრებას ფლობს, უფრო კონკრეტულად, გლობალური ბაზრის 1/3-ს. ჩემი შეფასებით, მუსიკა სამარადჟამოა, ადამიანები მას ასიათასი წელია ვუსმენთ და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ. როგორც გითხარით, ეს კომპანია კაცობრიობის ისტორიაში შექმნილი მუსიკის 1/3-ს ფლობს, რაც ნამდვილად ღირებული აქტივია. გარდა ამისა, მისი პორტფელი იზრდება, რადგან ყველა დამწყებ არტისტს სურს მასთან თანამშრომლობა, ამასთან, Universal Music Group-ის ბიბლიოთეკა The Beatles-ის და Rolling Stones-ის და U2-ს ნაწარმოებებს მოიცავს, ამ მუსიკას კი საუკუნეების შემდეგაც სიამოვნებით მოუსმენენ.
ადრე მუსიკის ინდუსტრია დისტრიბუციის ფორმაზე იყო დამოკიდებული, ანუ რას ყიდდა კომპანია: CD-ს, კასეტას თუ ციფრულ ვერსიას. ახლა უკვე ვაცნობიერებთ, რომ მთავარია ინტელექტუალური საკუთრება, დისტრიბუციის არხებს ტექნოლოგია თავად მიხედავს, ამიტომაც არ გვადარდებს, 50 წლის შემდეგ რომელი პლატფორმით მოუსმენენ ადამიანები მუსიკას, მთავარია, ვიცით, რომ ისინი მუსიკას აუცილებლად მოუსმენენ, ჩვენ კი ინვესტიციას სწორედ მუსიკასა და არტისტებში ვდებთ და არც წარმავალ პლატფორმებში. აი, სწორედ ასეთ ბიზნესებში ინვესტირებაა წარმატების გასაღები“.