მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შევიძინოთ კომპანიების აქციები TBC-ის აპლიკაციით? – სანდრო ჭანტურიძის განმარტება

სანდრო ჭანტურიძე

ათწლეულების განმავლობაში, საფონდო ბირჟასთან წვდომა პრივილეგიად ითვლებოდა, რომლითაც მხოლოდ ის მოქალაქეები სარგებლობდნენ, ვისაც უოლ-სტრიტზე ვიზიტის დაჯავშნის და ბროკერის დაქირავების ფუფუნება ჰქონდათ. ტექნოლოგიურმა პროგრესმა საფონდო ბირჟასთან ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაზარდა და ახლა უკვე კომპანიების აქციების, საინვესტიციო ფონდების, ობლიგაციებისა თუ ძვირფასი მეტალების შეძენა პირდაპირ მობილურ აპლიკაციაშია შესაძლებელი.

ცოტა ხნის წინ, თიბისის ციფრულ ბანკში ახალი საინვესტიციო პლატფორმა გამოჩნდა, რომელიც წვდომას 6,000-მდე საინვესტიციო პროდუქტზე იძლევა, თავად პლატფორმის გამოყენება კი, სრულიად უფასოდ, ყოველგვარი საკომისიოების გარეშეა შესაძლებელი.

TECH INFORM-ში სტუმრობისას, TBC Capital-ის პროდუქტის განვითარების გუნდის ასოცირებულმა წევრმა სანდრო ჭანტურიძემ საინვესტიციო პლატფორმის შექმნის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ციფრულ ბანკში ამ მოდულის გაჩენა ერთ მთავარ მიზანს ემსახურება - მომხმარებლისთვის საფონდო ბირჟაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

„წარსულში ინვესტირება პრემიუმ სერვისად ითვლებოდა და მომხმარებლის დიდ ნაწილს საფონდო ბირჟასთან წვდომა შეზღუდული ჰქონდა. სწორედ ამიტომ, თიბისის გუნდმა შექმნა ახალი საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც ინვესტირების პროცესს ამარტივებს. ამ პლატფორმის მეშვეობით მარტივადაა შესაძლებელი: ანგარიშის გახსნა, პორტფელის მართვა და ტრანზაქციების გატარება. რაც მთავარია, ეს პლატფორმა უფასოდაა ხელმისაწვდომი“, - განაცხადა სანდრო ჭანტურიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ აქტივების შეძენის პროცესს, საინვესტიციო პლატფორმა პირდაპირ თიბისის ციფრულ ბანკშია ხელმისაწვდომი. ანგარიშის გასახსნელად კი აპლიკაციის განახლება და რეგისტრაციის მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო.

ამის შემდეგ თქვენ აღმოჩნდებით საინვესტიციო პროდუქტების საწყის გვერდზე, სადაც აქციებისა და ფონდების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. შეგიძლიათ თანხა დააბანდოთ როგორც ინდივიდუალურ კომპანიებში, მაგალითად, Apple-ში, Microsoft-სა და Meta-ში; ასევე ინდექს ფონდებსა და ინდუსტრიულ ETF-ებში, მაგალითად, ტექნოლოგიურ, საბანკო ან სამედიცინო სექტორში.

თიბისის ციფრულ ბანკში წარმოდგენილ საინვესტიციო პროდუქტებს შორისაა:

  • კომპანიების აქციები
  • ინდექს ფონდები
  • ინდუსტრიული ფონდები
  • დივიდენდური ფონდები
  • სახელმწიფო ობლიგაციები
  • კორპორაციული ობლიგაციები
  • ძვირფასი ლითონები
  • ნავთობი და სხვა საქონელი

საინვესტიციო აქტივების ფართო არჩევანთან ერთად, პლატფორმა ტექნიკური და ანალიტიკური ფუნქციონალითაცაა დახუნძლული. ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად, პლატფორმა მაქსიმალურად ინტუიციურია და მისი დახმარებით კომპანიების აქციების შეძენა სულ რაღაც ორ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი, როგორც ეს TECH INFORM-ის ეთერში ჩატარებული გამოცდისას გამოვლინდა.

სანდრო ჭანტურიძის განმარტებით, თიბისის გუნდი მუდმივ რეჟიმში განაგრძობს ციფრული ბანკის განვითარებას და მომავალში საინვესტიციო პლატფორმას დამატებითი ფუნქციონალიც დაემატება, რომელიც მომხმარებელს სწორი არჩევანის გაკეთებაში და გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები