მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა რეაქცია ექნება რუსეთს ევროკავშირის მიერ გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემაზე?

სანქციები

ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ სუვერენული აქტივების კონფისკაცია „ქურდობაა“ და გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შემთხვევაში, კრემლი ევროპულ მთავრობებს უსასრულო სამართლებრივი დავებით უპასუხებს.

გერმანიაში რუსეთის ელჩმა, სერგეი ნეჩაევმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გეგმას, გამოიყენოს გაყინული რუსული აქტივები უკრაინის საბრძოლო მოქმედებების დასაფინანსებლად, აუცილებლად მოჰყვება საპასუხო ნაბიჯები, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამართლებრივ და ეკონომიკურ დონეზე.

„ნებისმიერი ოპერაცია რუსეთის სუვერენულ აქტივებთან დაკავშირებით, მოსკოვის თანხმობის გარეშე, წარმოადგენს ქურდობას და მიტაცებას“, – ნათქვამია ნეჩაევის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ევროკავშირმა წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, გაყინული რუსული აქტივებიდან მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაფინანსებისთვის 90 მილიარდი ევროს მოზიდვა იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ ამ გეგმას ეწინააღმდეგება ბელგია, სადაც აქტივების დიდი ნაწილია განთავსებული.

ნეჩაევის თქმით, ამ ნაბიჯმა შეიძლება „სრულად გაანადგუროს ევროკავშირის საქმიანი რეპუტაცია და ევროპული მთავრობები უსასრულო სამართლებრივ ბრძოლაში ჩართოს“.

„რეალურად, ეს არის გზა სამართლებრივი ანარქიისკენ და ის გლობალური ფინანსური სისტემის საფუძვლებს ანადგურებს, რაც, პირველ რიგში, ევროკავშირს დაარტყამს“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები