საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისთვის არაერთი რეგულაცია არსებობს. ამის შესახებ ის facebook-პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ისმის კითხვა, დღეს რა რეგულაციები არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისათვის?
არაერთი:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N797 ბრძანება - ამ კანონების საფუძველზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ექვემდებარება რეგისტრაციას. რეესტრის მონაცემები ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. მათ შორის, საქმიანობის მიზანი, დამფუძნებლების და ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების მონაცემები.
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანება "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“.
გადასახადების ადმინისტრირების მიზნებისთვის, ორგანიზაციები საგადასახადო ორგანოებს პერიოდულად წარუდგენენ:
• ინფორმაციას მიღებული შემოსავლების და განხორციელებული გადახდების შესახებ.
• ინფორმაციას დასაქმებულების/დაქირავებულების შესახებ - საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირების მიზნებისთვის, ორგანიზაციები შემოსავლების სამსახურს ყოველთვიურად წარუდგენენ დეკლარაციას/ინფორმაციას მათ მიერ დაქირავებულებზე, დასაქმებულებსა და სხვა ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების შესახებ.
• დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახავენ ყველა დაქირავებული პირის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემებს (პირადი ნომერი, სამუშაო განაკვეთი, სამუშაო სტატუსი და სხვა);
• ინფორმაციას საგრანტო პროექტების შესახებ - არსებობს საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა ერთიან რეესტრი, რომელშიც ასახულია ყველა ის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე განხორციელებული პროექტების ფარგლებში ხდება საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა. რეესტრი ყველასთვის ხელმისაწვდომია და მოცემულია ინფორმაცია პროექტის, მისი განმახორციელებელი სუბიექტის, დაწყებისა და დამთავრების თარიღის შესახებ.
• ორგანიზაციები დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების მიზნებისთვის, საგადასახადო ორგანოს წარუდგენენ დონორთან დადებული შესაბამის საგრანტო ხელშეკრულებებს და პროექტის ბიუჯეტებს.
გარდა ამისა, საგადასახადო ორგანოებს საგადასახადო კონტროლის პროცედურების ჩატარებისას ხელი მიუწვდებათ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციაზე და დოკუმენტაციებზე. - „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონი და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები
დადგენილია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მექანიზმები, რაც გულისხმობს ანგარიშვალდებული პირების (ფინანსური ინსტიტუტები, აუდიტორული ფირმა, ნოტარიუსი და სხვა) მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და შესაბამის ანგარიშგებას. სსიპ - ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება ანგარიშები საეჭვო გარიგებების ან/და გარკვეული ოდენობის თანხის ზემოთ განხორციელებული ოპერაციების შესახებ. პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და ანგარიშგების წარდგენა მათ შორის ხდება არასამეწარმეო (იურიდიული) პირების და საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ.
გარდა ამისა, არსებობს "გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი და ა.შ.
რაც ყველაზე მთავარია, არსებობს "სისხლის სამართლის კოდექსი“, რომელიც ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ისეთი ქმედებისათვის, რომელიც გულისხმობს უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარებას ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა“, - წერს ქურდოვანიძე.