„საქართველოს განვითარების ფონდი“ (DFG) (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) პირველად რესურსს ახალ პროექტებში შესასვლელად უკვე ფლობს", - ამის შესახებ „საქმის კურსში“ სტუმრობისას „საქართველოს განვითარების ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი ხორავამ განაცხადა.
ამ ეტაპზე ფონდში რამდენიმე პროექტში წილის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალია აკუმულირებული.
„ბოლო პერიოდში გვქონდა რამდენიმე საკმაოდ წარმატებული გამოსვლა ე.წ exit-ი პორტფელური ინვესტიციებიდან და საწყის ინვესტირებისთვის საჭირო რესურსი ამ თანხით არის გენერირებული. საუბარია დაახლოებით, რამდენიმე ათეული მილიონ დოლარზე, რასაც გამოვიყენებთ ინვესტირებისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ხორავამ.
მისი თქმით, პარალელურად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს გარე დაფინანსების მოსაპოვებლად.
კითხვაზე: "ვინ შეიძლება დააბანდოს DFG -ში რესურსი?" - დიმიტრი ხუნდაძე პასუხობს, რომ ასეთ ორგანიზაციებად საფინანსო ინსტიტუტები მოიაზრება.
„დაფინანსების მიღება გრძელვადიანი პროცესია და საჭიროა ფინანსურ ინსტიტუტებთან ინტენსიური ურთიერთობა. კონკრეტული სახელების დასახელება უხერხული იქნება, რადგანაც მოლაპარაკებების ეტაპია. დაგიდასტურებთ, რომ პირველ რიგში, მათთან გვაქვს მოლაპარაკებები, რომლებიც საქართველოში უკვე საქმიანობენ. ასევე გვაქვს ურთიერთობა ე.წ “ფემილი ოფისებთან”, რომლებიც შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ საქართველოში ინვესტირებით. ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ“, - ამბობს დიმიტრი ხორავა.
გარდა ამისა, ამ ეტაპზე „საქართველოს განვითარების ფონდი“ აქტივების საბაზრო ღირებულების შეფასებასაც ახდენს, მათ შორის, უნდა შეფასდეს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიების (ციკლონი)“ და სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ საბაზრო ღირებულება და ფონდის ინვესტიციების ღირებულება.
„მსხვილი აქტივები გავიდა ფონდიდან და დადგა დღის წესრიგში გავიგოთ რა ღირებულების აქტივები გვაქვს. ამიტომ გამოიყო ეს ორი მსხვილი აქტივი. გვინდა, მისი საბაზრო ღირებულება გავიგოთ. გარდა ამისა მიმდინარეობს უძრავი ქონების შეფასება, რომ ვიცოდეთ რა ღირებულების აქტივები გვაქვს, რა კაპიტალის თუ სესხის მოძიება შეგვიძლია“, - ამბობს „საქართველოს განვითარების ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი.
დიმიტრი ხორავა იმედოვნებს, რომ 2024 წლიდან ფონდი პროექტების დაფინანსებას ისევ დაიწყებს. თუმცა, ამისათვის კვლავ სავალუტო ფონდის თანხმობაა საჭირო.