11 აპრილიდან ექიმი პაციენტს მხოლოდ გენერიკულ მედიკამენტს გამოუწერს. ეს იმას ნიშნავს, რომ რეცეპტში კონკრეტული ბრენდი მითითებული არ იქნება.
ფარმაცევტულ სფეროში განხორციელებული რეფორმის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ ე.წ პოზიტიური სია შექმნა. ამ სიაში შედის ის მედიკამენტები, რომლებიც ხარისხობრივ სტანდარტს აკმაყოფილებს და ურთიერთჩამნაცვლებელ მედიკამენტებად ითვლება. აფთიაქში მისულ პაციენტს ფარმაცევტი, სწორედ ამ სიიდან, 3 ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს, მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების წამალი შეიძინოს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ბაზარზე რეგისტრირებული 5 985 გენერიკიდან პოზიტიურ სიაში მხოლოდ 3 820 მოხვდა, თუმცა თუ მედიკამენტზე GMP სერთიფიკატის და ბიოექვივალენტობის მეთოდით ჩატარებული კვლევის წარდგენა მოხდება, ამ გზით პოზიტიურ სიაში მოხვედრა შესაძლებელია.
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი და ჯანდაცვის სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს წევრი ირაკლი მარგველაშვილი, გენერიკულ დანიშნულებაზე გადასვლის პროცესში გარკვეულ რისკებს ხედავს.
„რისკები რჩება იმის, ხომ არ მოხდება მედიკამენტის არამიზნობრივი დანიშვნა, მიწოდება, შეთავაზება. ექიმის როლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემცირდეს, რადგან მკურნალობაზე პასუხისმგებელი არის ექიმი და არის რიკი ნაწილობრივ ექიმის პასუხისმგებლობის ჩანაცვლება მოხდეს სააფთიაქო ქსელში მომუშავე ადამიანების მიერ“-აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.
კითხვაზე, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში რამდენად რჩება რისკი, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის პრაქტიკამ ექიმიდან ფარმაცევტზე გადაინაცვლოს, ის ასე პასუხობს:
„ეს რისკი რჩება, რადგან სააფთიაქო ქსელსაც აქვს დაინტერესების მექანიზმები და სისტემები. ეს ვიცით და გვქონია შემთხვევა, როცა აფთიაქში შესულ ადამიანს დაჟინებითაც სთავაზობენ მედიკამენტს. არაეთიკური მარკეტინგის პრობლემა მცირე დოზით იქნება გადაჭრილი, მაგრამ ძირითადი პრობლემა ამით არ მოგვარდება“.
რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, ელექტრონულ რეცეპტულ სისტემაზე გადასვლით ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია ექიმის მიერ გამოწერილი დანიშნულების კონტროლი, თუმცა როგორც მარგველაშვილი ამბობს, ფიზიკური კონტროლის გარეშე შეუძლებელია სამინისტრომ გააკონტროლოს, ხდება თუ არა სააფთიაქო ქსელებში ე.წ პოზიტიური სიიდან წამლების შეთავაზება მოქალაქეებისთვის.
„მნიშვნელოვანია, რამდენად სრულყოფილად მოხდება მონიტორინგი იმის, რომ აფთიაქი სთავაზობს დაბალი ღირებულების წამალს პაციენტს და სთავაზობს თუ არა პოზიტიური სიიდან.
სამინისტრომ შეიძლება გააკონტროლოს მონაცემთა ბაზრის ანალიზის საფუძველზე რისი რეალიზაცია მოხდა, მაგრამ რამდენად შესთავაზა, ამის გაკონტროლება მხოლოდ ვიზუალური ფორმით არის შესაძლებელი“,-აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.
აღსანიშნავია, რომ გენერიკულ სისტემაზე გადასვლა მეორე ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტებზე ვრცელდება. გენერიკული რეცეპტი არ გამოიწერება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წამალი კომბინირებულ, ვიწრო თერაპიულ ან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ მედიკამენტს წარმოადგენს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, 11 აპრილიდან 1 მაისამდე რეფორმა სატესტო რეჟიმში იმოქმედებს, 1 მაისიდან კი მისი შეუსრულებლობა სანქცირებას დაექვემდებარება.