მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, სამინისტრო წამლებზე ფასნამატის რეგულაციას განიხილავს - ირაკლი მარგველაშვილი

6422e92db82b8
ელენე გოგბერაშვილი
28.03.23 18:09
521
ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული სექტორისთვის ახალ რეგულაციებს ამზადებს. ჯანდაცვის მინისტრი bm.ge-სთან ამბობს, რომ სამინისტრო, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, აღჭურვილი იქნება იმ უფლებებით და შესაძლებლობით, რაც ფარმაცევტული სექტორის გამჭვირვალობის საკონტროლებლად არის საჭირო.

ჯანდაცვის სამინისტროს მესვეურები ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსზე დეტალურად ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუმცა მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური bm.ge-სთან ამბობს, რომ ცვლილებების შედეგად ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება გაიზრდება. მას ფარმაცევტულ ბაზარზე მათ შორის ფასების ზრდის შემთხვევაში, მყისიერი რეაგირების შესაძლებლობა ექნება.

კერძო სექტორი ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებს არ იცნობს, თუმცა საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ შესაძლოა სამინისტრო მედიკამენტებზე ფასნამატის რეგულაციის დაწესებას აპირებს.

„შესაძლებელია განიხილებოდეს ფასნამატის დაწესება შესყიდვის ფასსა და საბითუმო ფასს შორის. ახლა ხომ პოლემიკა იმაზეა, რომ რომელიღაც კომპანიებმა დიდი ფასნამატი დაადეს წამლებს იმის გამო, რომ მოგება გაზარდონ. ერთ-ერთი ვარიანტი, რომ ეს ასეა თუ არა, არის ფასნამატი დაწესდეს შესასყიდ ფასსა და სარეალიზაციო ფასს შორის.

საუბარია მათ შორის, რომ გარკვეული ონკოლოგიური პრეპარატების პირდაპირი შესყიდვები მოხდეს სახელმწიფოს მიერ. აპრობირებული მექანიზმია, თუმცა ეს ეხება მედიკამენტების მცირე ნაწილს, რადგან არამც და არამც სახელმწიფომ არ უნდა ჩაანაცვლოს სადისტრიბუციო ქსელები. ეს თემა ვერ განვითარდება.

მე მგონია, რომ ამ ორ მიმართულებაზე მიდის ახლა მუშაობა, თუმცა უნდა დაველოდოთ უკვე რას განაცხადებს სამინისტრო“,-აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.

ფარმაცევტულ კომპანიებს თამაშის რა ახალ წესებს შესთავაზებს ჯანდაცვის სამინისტრო, ეს სავარაუდოდ ახლო მომავალში გახდება ცნობილი. როგორც მინისტრი ამბობს, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე მუშაობა სამინისტროს დასრულებული აქვს და მას მთავრობას და პარლამენტს ახლო მომავალში წარუდგენს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები