მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რისკების წინაშე დგას უძრავი ქონების ბაზარი? – არჩევნების ფასი სექტორზე

თბილისი

28 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობას სურს, მომდევნო 4 წელში ჯამურად 9 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს, რაც წლიურად დაახლოებით 2.2 მილიარდი დოლარის FDI-ს მოზიდვას გულისხმობს.

სტატისტიკის თანახმად კი 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში FDI 397 მილიონი დოლარით, ანუ 34%-ით შემცირდა და მხოლოდ 786 მილიონი დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2.2 მილიარდი დოლარის FDI საქართველოს ბოლო რვა წელში მხოლოდ ერთხელ, 2022 წელს ჰქონდა, მთლიანად ამ პერიოდში კი FDI-ის საშუალო მაჩვენებელი 1.54 მილიარდი დოლარი იყო.

მთავრობისგან სრულად საპირისპირო მოლოდინები აქვთ ეკონომისტების ნაწილს, რომლებიც აცხადებენ, რომ 2.2 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში ვერ შემოვა, თუკი ქვეყნის ხელისუფლება EU-სგან დაშორების პოლიტიკის გამტარებელი იქნება. მეტიც, თუკი დაწესდება ფინანსური სანქციები და გაგვიუქმდება ვიზალიბერალიზაცია, ის უამრავ სექტორზე და მათ შორის უძრავ ქონებაზე ნეგატიურად აისახება, ამის მიზეზი კი რამდენიმეა.

საერთაშორისო მყიდველები საქართველოში ბინას საინვესტიციოდ, ნაწილი კი ბინადრობის უფლების მოპოვებისთვის ყიდულობს.

ვინც უძრავ ქონებას დღეს არსებული დაბალი ფასის გამო იძენს, მათი მოლოდინია, რომ ევროპასთან დაახლოების შემდეგ საქართველოში უძრავი ქონება გაძვირდება, შესაბამისად, თბილისსა და ბათუმში ამონაგები ქირიდან კიდევ უფრო მოიმატებს. ეს ლოგიკა მუშაობს როგორც მსხვილ, ისე ინდივიდუალურ ინვესტორებში.

მეორე ნაწილია ის საერთაშორისო მყიდველები, ვინც აქ ბინებზე მოთხოვნას ბინადრობის უფლების მოპოვებისთვის ქმნის. ამ კატეგორიაში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები მოიაზრებიან, რომლებისთვისაც ეს ევროპაში გასვლის ერთ-ერთი ფანჯარაა, შესაბამისად, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმება ბაზრიდან ამ წილს გააქრობს. ორივე ხსენებული ფაქტორი კი როგორც დარგზე, ისე ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ნეგატიურ ეფექტს მოახდენს.

ეკონომისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ევროპასთან გაუარესებული მდგომარეობა მძიმე ტვირთად დააწვება ლარსაც. სავარაუდოა, რომ მისი გაუფასურება საგრძნობი იქნება და ამასთან მოლოდინია, რომ საპროცენტო განაკვეთები საქართველოში გაცემულ სესხებზე გაიზრდება, ვინაიდან ჩვენს კომერციულ ბანკებს საერთაშორისო საკრედიტო ხაზებთან დაკავშირებული ხარჯები გაეზრდებათ.

თუკი ლარი გაუფასურდება და სესხები კიდევ გაძვირდება, ეს ნიშნავს, რომ ბინის შეძენისგან თავს ბევრი ადგილობრივი მომხმარებელი შეიკავებს. რაც შეეხება მიგრანტებს, რომლებიც უძრავ ქონებაზე მოთხოვნას ქმნიან, მათმა დიდმა ნაწილმა ქვეყანა უკვე დატოვა, მათი ეფექტის სრულად ამოწურვა კი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე იქნება დამოკიდებული.

„ცხადია, რომ საერთაშორისო იზოლაცია ქვეყანას დაუჯდება ძალიან ძვირი. ბევრ სხვა რამესთან ერთად ვიზალიბერალიზაციის შეჩერება თავისთავად გამოიწვევს უძრავ ქონებაზეც მოთხოვნის შემცირებას. ნაწილი ვინც მოტივირებული იყო იმით, რომ აქ ბინადრობის უფლების მოპოვების შემთხვევაში ექნებოდა ევროპაში გასასვლელი გზა, ეს ჩაიკეტება. ასევე, თუ არ მოხდება არჩევნების აღიარება, ამას მოჰყვება საერთაშორისო ფინანსური სანქციები, ეს კი ძალიან ნეგატიურ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ უძრავ ქონებაზე, არამედ მთლიან ეკონომიკაზე. იქნება დიდი დარტყმა სავალუტო კურსზე, ეს გამოიწვევს ფინანსური კაპიტალის გადინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც ინფლაციური პროცესების დაწყების წინაპირობა იქნება. ამას არ სჭირდება განსაკუთრებული კვალიფიკაცია, ეს ისედაც ჩანს, რომ ასე იქნება.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ცხადია, რომ ქართულ საფინანსო სექტორს საერთაშორისო ბაზარზე უცხოური ვალუტის მოზიდვა შეეძლება ბევრად უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთში, რადგან რისკის სიდიდე გაიზრდება. გაუარესებული რეიტინგი გავლენას მოახდენს ჩვენს საპროცენტო განაკვეთებზე, რაც ცხადია, რომ შეამცირებს მოთხოვნას უძრავი ქონების ბაზარზე, ანუ ისინი, ვინც იპოთეკით შეისყიდიან ბინებს, მათი რაოდენობა მოიკლებს. ასევე, ახლა არის ტენდენცია, რომ საქართველოში უძრავ ქონებას ყიდულობენ ისრაელის მოქალაქეები, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო მათთვის მეორე ქვეყანაა, ცხადია, რომ საერთაშორისო იზოლაცია ამას შეცვლის და ეს უძრავი ქონების ბაზარზეც აისახება და მთელს ეკონომიკაზეც", - განაცხადა ცომაიამ.

უძრავი ქონების და ზოგადად ქართული ეკონომიკისთვის ნეგატიურ მოლოდინებზე გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ ისაუბრა „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემაც. კეპულაძე ვარაუდობს, რომ იზოლაცია ქვეყნისადმი ინტერესს ყველა სექტორში შეამცირებს, ეს კი საბოლოოდ, შესაძლოა, უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისის დაწყების წინაპირობა გახდეს.

„ვიზალიბერალიზაცია პოლიტიკის ნაწილიც არის და ეკონომიკისაც, შეიძლება ვიღაცებს არ აქვთ აღქმა რომ მათაც ეხებათ ეს შედეგები და ის, რომ შვედეთმა, კანადამ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები გააჩერა. საბოლოოდ ეს გამოიწვევს ინვესტიციების შემცირებას და რაზედაც ხდება ასახვა, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ეს არის უძრავი ქონების ფასი. დღეს მშენებელს თუ უფრო ძვირი დაუჯდა უძრავი ქონების აშენება, ვიდრე ხვალ ეღირება, რა თქმა უნდა, გაკოტრებისკენ მიდის და ეს იწვევს კრიზისებს. ამჟამად, შესაძლოა, ეს სურათი არ ჩანს, მაგრამ შეიძლება დადგეს იმიტომ, რომ ქვეყნის რადიკალური შემობრუნება ხდება. კი აიმედებს მმართველი გუნდი თავის ამომრჩეველს, რომ გადავტვირთავთ ამ ურთიერთობებს, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ პირობებში, როცა არავინ აღიარა არჩევნები, წავალთ იზოლაციისკენ. აპოკალიფსურ სცენარებზე საუბარი არ მიყვარს ხოლმე, თუმცა ამას ყველა ვიგრძნობთ ძალიან მალე.“ - განაცხადა კეპულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები