რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მსოფლიოში შექმნილმა ახალმა გეოპოლიტიკურმა სურათმა და ლოგისტიკური ხაზების გადაწყობამ საქართველოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია გამოკვეთა და ამგვარად შუა აზიიდან ევროპის მიმართულებით თუ პირიქით, ტვირთების გადაზიდვა კიდევ უფრო გაააქტიურა. აქედან გამომდინარე, საქართველოში იმპორტი იქნება თუ რეექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაფერმა ამან კი ბუნებრივია საბაჟო გამშვები პუნქტების დატვირთვა გაზარდა. ამას ემატება ისიც, რომ შემოსავლების სამსახურს საბაჟო პროცედურების შესრულება მსოფლიოში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების დაცვის გათვალისწინებით უხდება, რათა ქვეყანა სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდეს. შესაბამისად, გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში კონტროლის მექანიზმები და რისკების თავიდან აცილების საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახდა. შესაბამისად შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 000-ზე მეტი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ოფიციალური სტატისტიკიდან კი ჩანს, რომ 2022 წელს ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობა 12.8%-ით 12.4 მილიონი ტონამდე გაიზარდა. არსებული ვითარების ფონზე ბოლო თვეებში სულ უფრო ხშირად გვესმის განცხადებები საქართველოს სატრანზიტო ჰაბის პერსპექტივის შესახებ. ტვირთბრუნვის გაზრდილი მაჩვენებლების თვალსაჩინოებისთვის, თუ 2023 წლის 9 თვეში მხოლოდ საბაჟო პროცედურებისას დასკანერებული სატრანსპორტო საშუალებების მაჩვენებელს ავიღებთ, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით ეს რიცხვი გასული წლის 9 თვესთან შედარებით 22.9%-ით გაიზარდა. შესაბამისად, წელს იანვარ-სექტემბერში სკანირების პროცედურას 55 321 სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარა, მაშინ როდესაც 2022 წელს ეს რიცხვი 44 994 იყო.
როგორ უმკლავდება შემოსავლების სამსახური საბაჟო დეპარტამენტი გაზრდილი ტვირთნაკადის მომსახურებას, რა გამოწვევებს აწყდებიან სახელმწიფო სტრუქტურაში ამ პროცესში და რა როლს ასრულებს შემოსავლების სამსახური სატრანზიტო ჰაბის შექმნის პროცესში - BM.GE-ს ამ კითხვებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ უპასუხა.
- საქართველოში ტვირთბრუნვის გაზრდილ მაჩვენებლებზე ინფორმაციას, როგორც ბიზნესის მხრიდან ვიღებთ, ასევე სახელმწიფო უწყებების მხრიდან ვისმენთ. თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესებში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ჩართულობისა და დატვირთვის ზრდას?
- საქართველოში ტვირთბრუნვის ზრდა რეგიონში და მსოფლიოში განვითარებულმა ფაქტორებმა გამოიწვია. შესაბამისად, ლოგისტიკური ხაზები, რომლებიც სხვა მიმართულებით იყო აწყობილი, მაგალითად, უკრაინიდან აზიის მიმართულებით, ან რუსეთის გავლით პორტების შეფერხებისა თუ დაწესებული სანქციების გამო ხაზები სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდა, რამაც საქართველოში ტვირთბრუნვის ზრდა გამოიწვია, მათ შორის როგორც სარკინიგზო და საზღვაო, ისე სახმელეთო მიმართულებით. შექმნილმა ვითარებამ კი, გამოწვევები და რისკები გაზარდა. ამ ყველაფერს დაემატა სანქციები და მათი აღსრულების ნაწილი, რომლის შესრულებაც პირველი პაკეტის გამოცხადებიდან აქტიურად დავიწყეთ და ყოველ შემდეგ პაკეტზე სანქციებს შესაბამის პროგრამებსა და მოდულებში ვამატებთ, რათა ქვეყანა სანქციებიდან თავის არიდების მიზნით არ იყოს გამოყენებული.
ტვირთების მონიტორინგის ნაწილში, ჩვენ შემოწმების სხვადასხვა მეთოდი გვაქვს და სატრანსპორტო საშუალებების სკანირება ერთ-ერთი მათგანია. მაგალითისთვის ტრანზიტული ტვირთების შემოსვლისას, პირველ რიგში, ხდება დოკუმენტების შემოწმება, შემდეგ ლუქის და საიდენტიფიკაციო საშუალებების შემოწმება და შემდეგ სპეციალურ პროგრამაში ამის გატარება, რომელიც რისკის პროგრამაში გადის, აქ ემატება სანქციებთან დაკავშირებული რისკები და წყდება - რომელ ტვირთზე შეიძლება დამატებითი შემოწმების განხორციელება იქნება ეს ადგილზე გახსნა და ვიზუალურად დათვალიერება, რენტგენოსკანირება ან მხოლოდ დოკუმენტაციის შემოწმება.
- ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები, რომ საქართველოს სატრანზიტო ჰაბად ქცევის პერსპექტივა დიდია. რა როლი აკისრია შემოსავლების სამსახურს სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბების პროცესში, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ბიზნესოპერატორები, შესაძლოა, მათთვის კარგად ნაცნობ და გამოცდილ ლოგისტიკურ ხაზებს დაუბრუნდნენ. როგორ უნდა შევინარჩუნოთ სატრანზიტო მიმზიდველობა?
- ეს კომპლექსური საკითხია, რადგან ამ პროცესი მხოლოდ შემოსავლების სამსახური არ ფიგურირებს. სატრანზიტო დერეფანში ტვირთბრუნვის შენარჩუნებისთვის ტვირთმა სხვადასხვა ქვეყნებზე გამავალი ჯაჭვი უნდა გაიაროს. მეზობელ ქვეყნებთან საერთაშორისო ფორმატშიც ვთანამშრომლობთ, რადგან როგორი ოაზისიც არ უნდა იყოს ქვეყანა ბიზნესისთვის, შუა აზიიდან ტვირთებმა სხვა ქვეყნები უნდა გამოიაროს და თუ რაიმე შეფერხება მოხდა, დერეფანი მაშინ მიმზიდველობას დაკარგავს.
ჩვენს თავზე რომ ვისაუბროთ, ბიზნესოპერატორებს მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურები უნდა შევთავაზოთ, რათა ბიზნესმა იგრძნოს, რომ საქართველოში ტვირთის გადაადგილება გამარტივებულია. ეს ყველაფერი კი რისკების მართვასთან სინქრონში მოდის, რადგან გამარტივების პროცესში ჩვენ რისკები სწორად უნდა განვსაზღვროთ. ამის გათვალისწინებით, ბიზნესმა ეს თავისებურებები ვერ უნდა იგრძნოს და ტვირთების გადატანა ზედმეტი ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე უნდა შეძლოს. ეს უნდა იყოს განჭვრეტადი, მარტივი ბიზნესისთვის. გვინდა ყველამ გაიგოს, რომ საქართველოში ტვირთების გატარება გამარტივებული სერვისებით ხდება, რათა კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობა მოვახდინოთ.
- ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი თქვენი მხრიდან ალბათ ევროკავშირის და სხვა ქვეყნებთან საერთო ტრანზიტის პროცედურების დადგენაა. რა ეტაპზეა ეს პროექტი?
- პროექტი დაწყებულია. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ერთ-ერთი საეტაპო პროექტი იქნება. 2 თვეში ჩამოდის ევროკავშირის მისია, რომელმაც ამ კუთხით ჩვენ მიერ გაწეული სამუშაო უნდა შეაფასოს და შენიშვნების აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ მათაც გავითვალისწინებთ, რის შემდეგაც ევროკავშირის საერთო სატრანზიტო პროგრამაში ჩავერთვებით.
ეს პროექტი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენ მეზობელ ქვეყნებს მისცემს შესაძლებლობას, ჩვენ მიერ გაწერილი დეკლარაციით ტვირთი ევროკავშირამდე შეუფერხებლად ჩავიდეს. ამ პროცესში საბოლოო დანიშნულების ქვეყანას ევროკავშირში წინასწარ ეცოდინება - რა ტვირთი მიდის, ამ პროცესში გათვალისწინებულია ტვირთის დაზღვევაც. ეს პროექტი ჩვენს ქვეყანაში ტვირთების მოზიდვას შეუწყობს ხელს, რადგან ტვირთების სხვა ქვეყნით გადაზიდვის შემთხვევაში ყველა საზღვარზე სხვადასხვა ქვეყნებმა გადამზიდისგან დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოსთხოვონ. ჩვენი ქვეყნის საზღვრიდან მოძრაობის დაწყებით კი ექნება პრივილეგია, რომ დანიშნულების ადგილამდე შეუჩერებლად ჩავიდეს. ეს ერთი დიდი გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც ჩვენი მეწარმეებისთვის, ისე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის გადაზიდვებს გაამარტივებს. ველით, რომ ევროკავშირის მხრიდან დადებითი შეფასება გვექნება და პროგრამას მალე მივუერთდებით.
- რომელმა ობიექტურმა და სუბიექტურმა ფაქტორებმა შეიძლება შეაფერხოს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის პერსპექტივა?
- სატრანსპორტო ჯაჭვი იმას გულისხმობს, რომ ტვირთის რკინიგზით გადაზიდვისას არ შეიძლება სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული სატარიფო პოლიტიკა ჰქონდეს. ამასთან, საპორტო ინფრასტრუქტურა გამართული უნდა იყოს. დღეს, ჩვენ ამ გამოწვევას ვუძლებთ.
ამავე დროს რელიეფურად საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ ზამთარში საავტომობილო მოძრაობა გარკვეულწილად შეიძლება შეიზღუდოს - ეს ბუნებრივი ფაქტორებია, თუმცა ამ ფაქტორების აღმოსაფხვრელად ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, ქვეშეთი-კობის გზაგამტარი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო ჰაბის განვითარებას. ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა, კერძო ტერმინალების ამოქმედება, ლოგისტიკური ცენტრების და საბაჟო საწყობების მოწყობა მნიშვნელოვანია... მუშაობა მიმდინარეობს და შემოსავლების სამსახურის კუთხით შეფერხებებს ადგილი არ აქვს. თუმცა ტვირთნაკადის კიდევ უფრო მეტად გაზრდის შემთხვევაში ყველა ინსტიტუტი უნდა მივყვეთ, რომ ჩვენკენ გადმომისამართებული ტვირთების გატარება შევძლოთ.
- გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში რამდენად ახერხებს შემოსავლების სამსახური მომსახურების გაწევას თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში კერძო თუ საჯარო სექტორში კადრების გადინება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს?
- კადრების გადინება გეთანხმებით, დიდი გამოწვევაა. არავინ იცოდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა და ტვირთების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენკენ წამოვიდოდა. შემოსავლების სამსახურში გადამზადებული კადრების გადინების შემთხვევებიც გვქონია, რაც ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. ჩვენი მთავარი რესურსი იმაზე გადაგვაქვს რომ სისტემები მეტად ავტომატიზებული იყოს, მეტად ჩავრთოთ ელექტრონული სისტემები და ტექნიკური საშუალებები და შემდეგ მოვიზიდოთ ახალი თანამშრომლები. მაგალითისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტაჟირების პრობლემა არაერთხელ გამოვაცხადეთ. მებაჟე რთული და კომპლექსური პროფესიაა და სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს. ამიტომ ჩვენ მოგვყავს სტაჟიორები, რომლებიც 6-8-თვიან კურსს გადიან. გასულ წელს ჩვენ 90 სტაჟიორი ჩავსვით შტატში, წელს კი დაახლოებით 100-მდე ახალ თანამშრომელს ვნიშნავთ და ამასთან, კიდევ ვაცხადებთ სტაჟირების ახალ ნაკადს.
- დაახლოებით, რამდენმა ადამიანმა დატოვა შემოსავლების სამსახური გასულ წელს?
- ალბათ 80-მდე თანამშრომელი იქნება, რაც დიდი რიცხვი არ არის…
- საკმარისია თუ არა ის ადამიანური რესურსი, რომელიც შემოსავლების სამსახურს აქვს ამ გაზრდილი სამუშაოს შესასრულებლად?
- გვინდა, რომ საკმარისი იყოს. ამიტომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში კეთილსინდისიერი ვაჭრობა არ შეფერხდეს და გამოვლენილი იყოს რისკები, რაც თანამშრომლობის პირად შესაძლებლობებზე გადის. ხშირ შემთხვევაში 24/7-ზე მუშაობენ ჩვენი თანამშრომლები, რომ ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები იყოს დაცული. ამხელა გლობალური მოვლენების მიყოლა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ ყველაფერს პრიორიტეტების მიხედვით ვალაგებთ და ვცდილობთ ამას კადრების გადამზადების პროცესიც მივაყოლოთ, რომლებიც იქნებიან რეზერვში და ჩვენს რიგებს შეავსებენ. სხვა მხრივ ტექნიკურ საშუალებებს მუდმივად ვაახლებთ და ვყიდულობთ, რათა საბაჟო პროცედურები და რისკების გამოვლენის პროცესი არ შეფერხდეს.