შემოსავლების სამსახურის მიერ 2023 წელს დაგეგმილი სიახლეებიდან, რომელთა მიზანი საბაჟო პროცედურების გამარტივება იყო, ერთ-ერთი მებაჟე-რობოტის პროექტია.
საჯარო უწყებამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით საბაჟო პროცედურებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა უკვე დაიწყო და რამდენიმე საბაჟოზე მებაჟე-რობოტებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ჯერ კიდევ წლის დასაწყისში BMG-სთან აცხადებდა, რომ საბაჟო საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება მათ ექსპორტის 70%-ის დაფარვაში დაეხმარებოდათ.
დღეს სიახლეების დანერგვა სატესტო ეტაპზეა გადასული და რობოტები მებაჟე-ოფიცრების უფლება ფუნქცია-მოვალეობებს ეტაპობრივად ითვისებენ.
როგორ ასრულებენ მებაჟე-რობოტები თავის საქმეს? რომელ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე არიან განაწილებულნი და რა გვიჯდება სიახლის დანერგვა - BM.GE-ს ამ და სხვა კითხვებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სიჭინავამ უპასუხა.
„ორი მებაჟე-რობოტები სატესტო რეჟიმში თბილისის გაფორმების ზონებში ერთ სეგმენტში უკვე მუშაობს. რობოტები ამ ეტაპზე ყვითელი დერეფნის ავტომატურად დახურვის სეგმენტში მუშაობენ. მაგალითად, როდესაც გადამხდელი გადაიხდის ყვითელ დერეფანში მოხვედრილ დეკლარაციას, რობოტი, მებაჟის ჩარევის გარეშე ხედავს ამ მონაცემებს, ანალიზს უკეთებს, შედის დეკლარაციაში, მონიშვნებს უკეთებს თანმხლებ დოკუმენტებს და გადამხდელს აცნობებს, რომ მისი დეკლარაცია დასრულებულია. ეს უფრო პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც სისტემურად აკეთებს ყველაფერს“, - ამბობს ზურაბ სიჭინავა.
მისივე ინფორმაციით, ორი რობოტის სისტემაში ინტეგრირების პროექტი, პირველი რობოტის შემთხვევაში - ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით მოხდა, ხოლო მეორე - აზიის განვითარების ბანკის. ჯამურად მათი ღირებულება 400 000 დოლარი იყო.
„სატესტო რეჟიმის დასრულება და ხელოვნური ინტელექტის სისტემაში სრულად ინტეგრირება 2024 წლისთვის იგეგმება. ეს რობოტი შეიძლება იყოს ცენტრალიზებული და ერთ ადგილას განთავსდეს, მაგრამ ყველა გაფორმების ეკონომიკური ზონა მოიცვას“, - განმარტავს საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ხელოვნური ინტელექტის საბაჟო პროცედურებში საბოლოო დანერგვის ვადებზე კითხვის საპასუხოდ.