ტურიზმის სექტორში მოქმედი ასოციაციების წარმომადგენლებმა ვიდეოზარით ბიზნესომბუდსმენს მიხეილ დაუშვილს ის საჭიროებები გააცნეს, რომლის წინაშეც HoReCa სექტორი ეპიდემიის გავრცელებიდან გამომდინარე დადგნენ. ამის შესახებ BM.GE-ს სასტუმროების, რესტორნბისა და კაფეების ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა.
როგორც ჰოტელიერი განმარტავს, ვიდეოზარში სექტორის ასოციაციები ესწრებოდნენ. მისი თქმით, ეს იყო ინფორმაციის გადაცემისთვის შემდგარი კომუნიკაცია და ბიზნესომბუდსმენი დარგის საჭიროებებსა და მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას გააცნობს, რომელთან შეხვედრაც ხვალ, 29 აპრილს არის ჩანიშნული.
„მთავარი კითხვა რაც იყო გუშინ - რა საჭიროებები აქვს ტურიზმში დასაქმებულებს. რამდენიმე მთავარი საკითხი გამოიკვეთა. აქედან პირველი არის დროის საკითხი - როდის აღდგება ფრენები. იმისთვის, რომ შეგვეძლოს გარკვეული პროგნოზების გაკეთება და აქტივობის დაწყება. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი პარტნიორი, რომლებსაც აინტერესებთ, როდიდან უნდა გააქტიურდნენ და გაყიდონ ტურისტული პაკეტები, შესაძლოა რეგულარული რეისები არ აღდგეს, მაგრამ პირველი ეტაპისთვის დაიწყო ჩარტერების განხორციელება. მეორე კი როდის იქნება საზღვარზე სწრაფი ტესტები, იმისთვის რომ მოხდეს სკრინინგი.
მე ვიცი რომ 6 ივლისს უნდა გავხსნა სასტუმრო, ეს კარგია, რომ ვიცი, მაგრამ სასტუმროს გახსნა მხოლოდ კარის გაღებას არ ნიშნავს, მე თუ კლიენტი არ მივიღე ვეღარ გავხსნი ამ სასტუმროს. ამიტომ შეიძლება გავხსნა 10 აგვისტოს, იმიტომ რომ კლიენტი არ მყავდეს მანამდე“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, საუბარი შეეხო ტურიზმის სექტორი მხარდაჭერის მექანიზმებსაც.
„ვისაუბრეთ იმაზე რა მხარდაჭერას აღმოუჩენს სახელმწიფო ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს, რადგან პრემიერმაც აღნიშნა, რომ კრიზისის დასაწყისში სახელმწიფოს მხრიდან აღმოჩენილი დახმარება დღეისთვის უკვე არასაკმარისია. აქედან გამომდინარე ვისაუბრეთ იმ მხარდაჭერასა და საჭიროებებზე, რომელიც ჩვენ დღევანდელ დღეს გვაქვს.
ჩვენი პროგნოზებით მომავალი წლის მაისამდე ტურიზმის ბიზნესი იქნება მინუსში - ზარალზე. ამიტომ ჩვენ შემდეგი საჭიროებები გვაქს:
- ბანკების სესხების გადავადება - რადგან სამთვიანი გადავადების პერიოდი დაიწყო 10 მარტიდან და ივნისში დასრულდება, ლეგალურად სასტუმროებს 6 ივლისს ვხნით და ამ პერიოდის განმავლობაში საიდან გადავუხადოთ ბანკს თანხა;
- საშემოსავლოს გაუქმება გავიგეთ და კარგია;
- ქონების გადასახადის გადავადებაც არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რადგან ფიზიკურად ვერ შევძლებთ მის გადახდას და გადავადების დროც გადის;
- ამასთან, გვაქვს კომუნალურების ჩვენს ანგარიშზე არსებული დაზღვევის დეპოზიტებიდან დაფარვის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც სემეკში გასულ კვირას გაიმართა შეხვედრა, ხუთშაბათს კი საბოლოო პასუხი უნდა მივიღოთ. სახელმწიფოს ვთხოვთ იყოს შუამავალი ჩვენსა და ენერგოკომპანიებს შორის, რომ მოხდეს ჩვენი არსებული დავალიანებების ჩვენივე სააბონენტო დეპოზიტებიდან დაფარვა“, - აცხადებს ჰოტელიერი.