მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა საფრთხეებს შეიცავს ავტობუსების გადახდის სისტემებზე კიბერშეტევა?

გოცირიძე

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ვიდეო მასალა გავრცელდა, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები - შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდებოდა და აუდიო ჩანაწერი ირთვებოდა.

როგორც კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ საუბრობს, ნებისმიერი კიბერშეტევა, რომელიც კომპიუტერულ ტექნოლოგიაზე ხორციელდება, არ აქვს მნიშვნელობა ეს ხმოვანი მდგენელი იქნება თუ სხვა, რეპუტაციული ზიანის მომტანია.

ამ კონკრეტულ შემთხვევას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს მიზანმიმართული ჰაქტივიზმი იყო და ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაიმე ფინანსური დაინტერესება არ ყოფილა.

„ნებისმიერი კიბერშეტევა არის რეპუტაციული ზიანის მომტანი. ადამიანების მოთხოვნა უნდა იყოს, რომ პერსონალური მონაცემები სათანადოდ იყოს დაცული, რადგან ამ შემთხვევამ გვაჩვენა, თუ რამდენად დაუცველია მილიონობით ადამიანი. ვინაიდან ისინი ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ, სატრანსპორტო ბარათით ყოველთვის არ სარგებლობენ. შესაძლოა გადაიხადონ სხვა საბანკო ბარათითაც. შესაბამისად, ეს აპარატები უამრავ ინფორმაციას ინახავს.

ეს იყო მიზანმიმართული ჰაქტივიზმი, ჰაკერობა. ამ შემთხვევაში, არ მგონია რაიმე ფინანსური დაინტერესება ყოფილიყო. ჰაქტივისტები ყოველთვის აფიქსირებენ, რომ "ჩვენ იქ შევედით", მაშინ როდესაც ვინც ჯაშუშობისთვის არის შესული, ის არ გაგიცხადებს, რომ ის იქ არის“, - ამბობს გოცირიძე.

რაც შეეხება ტერიტორიის დადგენას, თუ საიდან განხორციელდა სისტემაში შეღწევა, ექსპერტის განცხადებით ამის დადგენა რთულია, რადგან შეიძლება კვალი იმდენად არეული იყოს, რომ სხვა სერვერიდან ხდებოდეს შეღწევა, შესაბამისად ადგილმდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს.

ამასთან, ანდრო გოცირიძე დასძენს, რომ ქვეყანაში და მის გარეთ იმდენი ადამიანი თანაუგრძნობს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომ ვინ განახორციელა ეს ქმედება, რთული გასაგებია იქნება.

ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამგვარი ტიპის სისტემაში შეღწევის პრეცედენტები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფაქტიდან, როდესაც რამდენიმე დღის წინ, გერმანიაში ბაზირებულ ღრუბლოვანი სერვისის ერთ-ერთ პროვაიდერზე თავისუფალი ძებნისას დაცვის გარეშე განთავსებული საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დიდი მასივი დაფიქსირდა. ორი ბაზა, რომელთაგან ერთ შეიცავდა 4,5, მეორე კი 7 მილიონამდე ჩანაწერს.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევებისთვის მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, რომელზედაც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

„ცნობიერების ამაღლება და ამის კამპანიები უნდა მიმდინარეობდეს სახელმწიფოს მხრიდან, ამასთან კრიტიკული ინფრასტრუქტურაა ტრანსპორტის განსაკუთრებით. სამწუხაროდ, ისევე როგორც სხვა მიმართულებით, კიბერ უსაფრთხოების მხრივაც, დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა და ბევრი პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მაგალითად, ბრიტანეთმა საერთო დახმარებასთან დაკავშირებით პროგრამა შეაჩერა, რომელიც ცნობიერების ამაღლებას და ამ სტრატეგიების შექმნას ეხებოდა. ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და აშშ-სთან თანამშრომლობა, რომლებიც მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები იყვნენ, თუმცა ეს ყველაფერი დროებით შეფერხებულია. იმედს ვიტოვებ, რომ მოკლე დროით. კიბერ უსაფრთხოებაში რაც არ უნდა განვითარებული ქვეყანა იყო, გამორიცხულია ამას მარტო გაუმკლავდე“, - ამბობს ანდრო გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები