მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საფრთხეს ქმნის ენერგეტიკის სექტორისთვის წლობით გაჭიანურებული პროექტები? - მაია მელიქიძის შეფასება

მაია მელიქიძე

„გარკვეულწილად ვიზიარებ სავალუტო ფონდის ამ შეხედულებას“ - „განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ გაჭიანურებულ ენერგოპროექტებთან დაკავშირებით IMF -ის რეკომენდაცია მისაღებია.

სავალუტო ფონდის მისია „მეოთხე მუხლის კონსულტაციების“ დასკვნით განაცხადში წერს, რომ ფისკალური რისკების შეზღუდვის მიზნით, ძველი ენერგეტიკული პროექტები, რომელთა განხორციელება წინ არ მიდის, უნდა შეწყდეს.

მაია მელიქიძე “საქმის კურსთან“ ამბობს რომ დღეისათვის 88 ისეთი პროექტია, რომელთა განხორციელება წლებია დაანონსებულია, თუმცა მათი აშენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამის მიუხედავად, ეს ობიექტები ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარების სტრატეგიებში გათვალისწინებულია.

„არის პროექტები, რომელთა განხორციელება საკმაოდ ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. აქ უნდა დავსვათ მარტივად საკითხი - თუ არსებობს ინვესტორი, არის პოტენციალი, არის თანხა და ყველა პირობაა რომ აშენდეს ობიექტი, ვფიქრობ, აქტიურად უნდა შევუწყოთ ასეთ პროექტებს ხელი და არამხოლოდ წამახალისებელი მექანიზმებით არამედ, პროცესში უნდა დავეხმაროთ მათ... მეორეს მხრივ პირდაპირ უნდა ვთქვათ, იქ სადაც ვერ აშენდება ჰესი, მზის ან ქარის სადგური, ან დავეხმაროთ აშენებაში, ან ის სიმძლავრე ჩავხსნათ არსებული საპროგნოზო მაჩვენებლებიდან, რომელიც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ ბუტაფორია აღმოჩნდეს. სავსებით ნორმალურია IMF -ის რეკომენდაცია. ჩვენ არამხოლოდ იმას უნდა შევუწყოთ ხელი, რომ რაც შეიძლება მეტი პოტენციური ელექტროენერგიის ობიექტი არსებობდეს, არამედ უნდა შევუწყოთ ხელი რომ მათ ელექტროენერგიის გამომუშავება შეძლონ“, - აცხადებს მაია მელიქიძე.

GREDA -ს აღმასრულებელი დირექტორი იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რასაც ენერგეტიკის სექტორისთვის გრძელვადიან გეგმებში ჩადებული და წლობით გაჭიანურებული პროექტები ქმნის.

„გვაქვს გეგმაში, რომ გარკვეულ წლებში გარკვეული სიმძლავრე შევა ექსპლუატაციაში, პარალელურად ქსელის ოპერატორები (სახელმწიფო ელექტროსისტემა, თელმიკო, ენერგო-პრო) აშენებენ გადამცემ ხაზებს, საჭირო ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ ინვესტიციებს, რომელიც საბოლოოდ არსად არ მიდის და აისახება სამომხმარებლო ტარიფში. ამიტომ როდესაც ქსელი აშენდება და ადგილზე გენერაციის ობიექტი არ დახვდება, ეს ფუჭად გადახდილი ინვესტიცია იქნება. სავალუტო ფონდი ამაზე ამახვილებს რეალურად ყურადღებას, რომ როდესაც დებთ ამხელა ინვესტიციას და ეს აისახება უკვე კომუნალურ გადასახადებში, იყავით ყურადღებით, რომ ობიექტები საიდანაც ელექტროენერგიის გამოტანა უნდა მოხდეს დროულად აშენდეს, რომ დროული ინტეგრაცია მოხდეს“, - ამბობს მაია მელიქიძე.

კითხვაზე: რომელ პროექტებზე შეიძლება ითქვას უარი, მათ შორის, მსხვილი ჰესების შემთხვეაში, რომელთა მშენებლობა ასევე წლების განმავლობაში წინ არ მიდის? - მაია მელიქიძე ამბობს, რომ საქართველოს არსებული ვითარების გათვალისწინებით, რეალურად ყველა პროექტი აუცილებელია.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ საქართველო ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივი წარმოებით ელექტროენერგიაზე მოთხოვნას, რის გამოც იძულებულია იმპორტი განახორციელოს. ამ ფონზე ბოლო წლებში ელექტროენერგიის მოხმარების 5-7%-იანი ზრდაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ახალი სახლი, ახალი ბიზნესი, ახალი მრავალსართულიანი ბინა უკვე ავტომატურად ნიშნავს დამატებითი გენერაციის ობიექტის აშენების აუცილებლობას.

„პირადად მე არც ერთ პროექტს არ გავუშვებდი ხელიდან, იმდენად დიდია ამ პროექტების საჭიროება. პირიქით, ალბათ მეორე მხრიდან უნდა დავინახოთ ეს პრობლემა და არათუ გამოვხშიროთ, არამედ მაქსიმალური ინვესტიცია ჩავდოთ მათ აშენებაში. ის სამი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურიც აუცილებლად უნდა აშენდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება ეკონომიკის ხელშეწყობა, იმიტომ რომ ყველა პროდუქტსა თუ მომსახურებაში, ყველგან დევს ელექტროენერგიის კომპონენტი. ამიტომ ჩვენ აქ ხელშეწყობის მექანიზმები უნდა ჩავდოთ. მხოლოდ CFD მექანიზმი კი არ უნდა გვქონდეს, არამედ როდესაც პროექტი სამშენებლო ფაზაში გადადის მაშინაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. დღეს. სხვადასხვა მიზეზის (ნებართვების, მოსახლეობის პროტესტის) გამო 88 პროექტია გაჩერებული. მათი 68% კი, მოსახლეობის პროტესტის გამოა შეჩერებული. ვფიქრობთ, ამას მოაგვარებს ჩვენს მიერ ინიციირებული კანონპროექტი ქონების გადასახადის კონკრეტულ თემში დატოვების შესახებ“, - ამბობს მაია მელიქიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები