“საქართველოს განვითარების ფონდი”, ანუ ყოფილი “საპარტნიორო ფონდი” საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისთვის ემზადება. DFG გეგმავს დააფინანსოს ისეთი პროექტები, როგორიცაა იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული წარმოება, ქიმიური მრეწველობა, წიაღისეულის გადამუშავება, სამშენებლო მასალების წარმოება, ტურიზმი, მაღალტექნოლოგიური წარმოება და სხვა სფეროები.
DFG-ის გენერალური დირექტორის ბესიკ ბუგიანიშვილის შეფასებით, “საპარტნიორო ფონდის” მიერ ახალი პროექტების დაფინანსების შეზღუდვის პირობა, რაც საქართველოს ხელისუფლებას IMF-ის წინაშე ჰქონდა აღებული, DFG-ზე არ ვრცელდება, რადგანაც ფონდმა კორპორატიზაციის მხრივ რეფორმირება განიცადა და მას დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს.
საინვესტიციო სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, DFG-ის მიერ დასაფინანსებელი პროექტების მინიმალური ღირებულება 3 მილიონი ლარი იქნება. ამასთან პროექტების შერჩევას ფონდი დამოუკიდებლად მოახდენს. ფონდი შევა ისეთი პროექტების თანადაფინანსებაში, რომელსაც კომერციული ბანკები ამჟამად სრულად ვერ აფინანსებენ, აღნიშნულის გამო DFG თავს არა კომერციული ბანკების კონკურენტად, არამედ მათ პარტნიორად განიხილავს.
არსებული მდგომარეობით ფონდი საინვესტიციო პროექტების დაფინანსების დაწყებას 2024 წლიდან განიხილავს, თუმცა მკაფიოდ ცნობილი არაა გავრცელდება თუ არა IMF-თან აღებული ვალდებულება “საპარტნიორო ფონდის” საინვესტიციო საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით რეფორმირებულ DFG-ზე. აღნიშნულის შესახებ კითხვა BMG-მ სავალუტო ფონდს უკვე გაუგზავნა.
“საქართველოს განვითარების ფონდი” ახალი პროექტების დაფინანსებას როგორც საკუთარი არსებული ფინანსებით, ასევე ახალი ფინანსური რესურსების მოზიდვით განიხილავს. ეს შეიძლება იყოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან აღებული კრედიტები, ასევე სხვადასხვა საგრანტო ინსტრუმენტები.
შესაბამისად, ამჟამად ფონდი ორივე მიმართულებით - როგორც ახალი კაპიტალის მოზიდვის, ასევე ახალი საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მხრივ იწყებს მუშაობას.
რა პირობებით შევა “საქართველოს განვითარების ფონდი”პროექტების დაფინანსებაში:
“საქართველოს განვითარების ფონდი” ახალი პროექტების დაფინანსებაში შესვლას 6 სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის მეშვეობით გეგმავს, ესენია:
თითოეული ამ ფინანსური ინსტრუმენტისთვის პარტნიორის თანამონაწილეობა კაპიტალში მინიმუმ 51% უნდა იყოს, ხოლო პროექტის ღირებულების 30%-ზე მეტი უნდა იყოს.
უზრუნველყოფის სახით პროექტის ფარგლებში შექმნილი აქტივი და პარტნიორის წილები არის განსაზღვრული.
რეფორმირების რა გზა გაიარა "საქართველოს განვითარების ფონდმა"
საქართველოს განვითარების ფონდმა რამდენიმეწლიანი რეფორმირების პროცესი ფაქტობრივად უკვე დაასრულა. 2022 წელს ფონდიდან სახელმწიფო სტრატეგიული აქტივების გამოყოფის პროცესი დასრულდა. შესაბამისად, მასში აღარ შედიან "საქართველოს რკინიგზა", "გაზისა და ნავთობის კორპორაცია", "სახელმწიფო ელექტროსისტემა" და სხვა კომპანიები. 2023 წლის აგვისტო-სექტემბერში დამტკიცდა ახალი სტრატეგია და კანონი, სექტემბერშივე ფონდის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა პრემიერ-მინისტრმა და მინისტრებმა, მათ ნაცვლად დაკომპლექტდა ახალი საბჭო, რომელსაც ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს, ხოლო ფონდის CEO-ს პოსტი ბესიკ ბუგიანიშვილმა დაიკავა. ამასთანავე, ფონდმა მოახდინა კაპიტალის სტრუქტურის (სესხის კაპიტალთან თანაფარდობის) ოპტიმიზაცია და ახალი საინვესტიციო პორტფელის (პროექტების ფაიფლაინის) ფორმირება.