მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს განვითარების ფონდი“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფონდი

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბესიკ ბუგიანიშვილი და ფონდის მენეჯმენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის, რომელიც ამჟამად შეჩერებულია, მემორანდუმის ერთი ნაწილი სწორედ საქართველოს განვითარების ფონდს (ყოფილ საპარტნიორო ფონდს) შეეხებოდა და მისი მიხედვით, ფონდი საინვესტიციო საქმიანობას შეზღუდავდა.

როგორც bm.ge-ს განვითარების ფონდიდან აცნობეს, მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასება.

"აღნიშნულ ფორმატში ბესიკ ბუგიანიშვილმა სავალუტო ფონდის მისიას „საქართველოს განვითარების ფონდის“ მენეჯმენტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გააცნო. შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა „საქართველოს განვითარების ფონდში“ რეფორმის შედეგად განხორციელებულ ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე, საინვესტიციო პრიორიტეტებსა და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ისაუბრეს, და, ამ კუთხით, მისიას მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„საქართველოს განვითარების ფონდსა“ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება", - ნათქვამია ფონდის ინფორმაციაში.

საქართველოს განვითარების ფონდის შეფასებით, მათ მიერ რეფორმის ჩატარების შემდეგ ის ვალდებულება, რაც IMF-ის წინაშე საპარტნიორო ფონდს შეეხებოდა მათზე აღარ ვრცელდება, შესაბამისად, რეფორმირებულ ფონდს საინვესტიციო პროექტების განხორციელება შეუძლია. თუმცა, ამ მხრივ განსხვავებულია IMF-ის პოზიცია, რის შესახებაც IMF-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ენდრიუ ჯუველმა BMG-ის განუცხადა, რომ ფონდის მიერ ახალი სესხების აღება და ახალი პროექტების დაფინანსება პროგრამის პირობებთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა.

როგორც ცნობილია DFG-იმ საინვესტიციო საქმიანობა განაახლა და პირველი ინვესტიცია აბასთუმანში, რედიქს ჯგუფის სასტუმროს პროექტში ჩადო. აღნიშნული ტრანშის მოცულობა $3 მილიონს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები