მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF მისია საქართველოში ვიზიტს გეგმავს - ნათია თურნავა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია უახლოეს პერიოდში ე.წ. მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში საქართველოში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ მეოთხე მუხლის ვიზიტებს ფონდი თავის წევრ ყველა ქვეყანაში თავისი მანდატის ფარგლებში ყოველწლიურად მართავს, რომელიც გლობალური ეკონომიკური და ფინანსური განვითარების მონიტორინგს ითვალისწინებს.

აშშ-ში მიმდინარე სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში IMF-ის შესახებ ეროვნული ბანკი მეორე პრესრელიზს აქვეყნებს, თუმცა არც ერთ მაგთანში IMF-ის შეჩერებული პროგრამის შესახებ სებ-ს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოვისმინეთ ერთმნიშვნელოვანი მესიჯი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, რომ ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ და კვლავაც განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ვაშინგტონში მიმდინარე სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ძალიან კარგი შესაძლებლობაა გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებზე მოსაზრებების მოსასმენად.

„გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა სსფ-სა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოს ეკონომიკა მომზადებული ხვდება ყველა გამოწვევას-სტაბილური მაკროეკონომიკური ფაქტორებით, დაბალი ინფლაციით და მაღალი ეკონომიკური ზრდით. საკმაოდ მყარია ფისკალური პოლიტიკის მდგომარეობა და დაბალია საბიუჯეტო დეფიციტი. ჩვენ ვზრდით საერთაშორისო რეზერვებს, ვატარებთ საკმაოდ ფრთხილ და გონივრულ მონეტარულ პოლიტიკას. ყველა ეს პარამეტრი გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას რეგიონში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ნათია თურნავა უკვე შეხვდა ყაზახეთისა და თურქეთის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებს.

ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და დელეგაციის წევრების შეხვედრა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავა პრეზენტაციით წარდგება.

IMF-თან პროგრამის ქონა ჩვენი თვითმიზანი არ არის - გიორგი კაკაურიძე

IMF-ის შეჩერებული $280–მილიონიანი პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერი სწორედ ასე – IMF-ის მოსმენის გარეშე შეიცვალა.

2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, შედეგად, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, მაშინ ჯერ კიდევ სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამაც.

კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები