მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[პროგრამის აღდგენისთვის] მზადყოფნას ვხედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდანაც - თურნავა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავა აცხადებს, რომ IMF-ის პროგრამის ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგენის თვალსაზრისით, ოპტიმისტურადაა განწყობილი.

თურნავა იმასაც ამბობს, რომ სებ-ი პროგრამის გააქტიურებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ჯერ ერთი IMF-ის პროგრამა შეწყვეტილი არ არის, მისი მეორე მიმოხილვის წარდგენა ბორდზეა გადადებული და ეს ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში მოხდა. ჩვენ მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და მინდა ვთქვა, რომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი იმ თვალსაზრისით, რომ პროგრამა ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგეს. ვმუშაობთ ამისთვის და ვაცნობიერებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ეფექტიანი მოქმედი პროგრამა, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. ასევე იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელსაც ზოგადად გლობალური ინვესტორების წრე ჩვენთვის ატარებს, იმიტომ რომ მათ თვალში ჩვენი საიმედოობის ელემენტიც არის ეს.

აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროგრამა გააქტიურდეს და ჩვეულებრივ მსვლელობას დაუბრუნდეს. ასეთივე მზადყოფნას ვხედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდანაც, არის გარკვეული ღია საკითხები, რომლებზეც ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში პროგრამის ჩვეულებრივ რეჟიმში აქტივაციას მიაღწევთ“, - აცხადებს თურნავა.

ინფორმაციისთვის: IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვა მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შეიქმნა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. კანონის მიღების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავა აირჩია.

IMF აცხადებდა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმებული არ იყო, რაც ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პირობების დარღვევას წარმოადგენდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც IMF-სა და საქართველოს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა სანქციების აღსრულების წესში შეტანილი გამონაკლისია, რასთან დაკავშირებითაც სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება ფონდის შეშფოთებას იწვევს.

რაც შეეხება იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა მიღებისკენაც ფონდი საქართველოს მოუწოდებს - როგორც მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი, ეს არის ცვლილებები, რომლებიც მიმართული უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს გაძლიერებისკენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები