საქართველოში სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივი წარმომადგენელმა ენდრიუ ჯუველიმ “ანალიტიკასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში რეფორმირებული საპარტნიორო ფონდის, ანუ საქართველოს განვითარების ფონდის (DFG) შესახებ კითხვას უპასუხა.
ჯუველი აღნიშნავს, რომ IMF-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებული პროგრამის პირობებით, ხელისუფლება გააგრძელებდა “საპარტნიორო ფონდის” საინვესტიციო საქმიანობის შეზღუდვას და ფონდი ახალ სასესხო შეთანხმებებში არ შევიდოდა. შესაბამისად, ჯუველის თქმით, თუკი DFG მოახდენს ახალი პროექტების დაფინანსებას ან აიღებს ახალ კრედიტებს, ეს IMF-სა და ხელისუფლებას შორის არსებულ შეთანხმებასთან და შესაბამისად ფონდის პროგრამის პირობებთან თანხვედრაში არ იქნება.
ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მან DFG-ის მენეჯმენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა, ხოლო განახლებული ფონდის საქმიანობის შესწავლისთვის IMF-ის ექსპერტები იმუშავებენ.
“სულ ცოტა ხნის წინ შევხვდი საპარტნიორო ფონდს. არ მინდა, ძალიან კატეგორიულად ვისაუბრო ამ ნაწილში. განვითარების ფონდი – როგორც დღეს ჰქვიათ მათ – ჯერ ახალია, ჯერ აქტიური მუშაობა არ დაუწყიათ. გარკვეული ცვლილებები სტრუქტურასთან მიმართებით უკვე გატარებულია – თუ საპარტნიორო ფონდის სტრუქტურას შევადარებთ. ვფიქრობ, ბევრი კარგი ცვლილებაა ამ ეტაპზე. კითხვები გვაქვს. როგორც უკვე აღვნიშნე, მარტში ჩამოვა მისია და ვგეგმავთ, დავსხდეთ მათთან ერთად – გავიაროთ სხვადასხვა რეფორმები, რომლებიც ამ დროისთვის უკვე გატარებულია. ჩამოვიყვანთ ექსპერტებს. ისინი საკუთარ შეხედულებებს გაგვიზიარებენ. რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ პროგრამის ფარგლებში, ვალდებულება იყო, რომ საპარტნიორო ფონდს ან მის შემცვლელს ახალი ინვესტიციები არ უნდა განეხორციელებინა. ახალი სესხები არ უნდა აეღო. განვითარების ფონდი საპარტნიორო ფონდის შემცვლელია. თუ განვითარების ფონდი გადაწყვეტს – და როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილი აქვს – რომ ინვესტირება გააგრძელოს ან დამატებითი სესხი მოიზიდოს – ეს არ იქნება თანხვედრაში პროგრამასთან.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ შეიძლება გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდეთ, სადაც შევცვლით პირობებს პროგრამის ფარგლებში – ამ ეტაპზე ჯერ არ ვართ. შესაბამისად, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ პროგრამით არ არის გათვალისწინებული საპარტნიორო ფონდის ან ნებისმიერი მისი ჩამნაცვლებლის მიერ სესხის აღება. ხელისუფლება დღეს განსხვავებული მიმართულებით მიდის. მაგრამ მაინც დავაკვირდეთ, რას იტყვიან ჩვენი ექსპერტები და როგორ შეაფასებენ საბჭოსთან დაკავშირებულ სტრუქტურულ ცვლილებებს”, - განაცხადა ენდრიუ ჯუველმა.
DFG ანუ ყოფილი “საპარტნიორო ფონდი” 2023 წლის ბოლოდან განახლებული კანონის და ახალი მანდატის ფარგლებში ოპერირებს.