მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგრამის ვალდებულება იყო, რომ არც საპარტნიორო ფონდი და არც მისი ადგილმონაცვლე სესხებს არ აიღებდნენ - IMF

ენდრიუ ჯუველი

საქართველოში სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივმა წარმომადგენელმა ენდრიუ ჯუველმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ იმ პროგრამის პირობებით, რომელიც ამჟამად შეჩერებულია, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულებას იღებდა, რომ შეზღუდავდა საპარტნიორო ფონდის და მისი ადგილმონაცვლის (DFG) საინვესტიციო საქმიანობას. ეს ნიშნავს, რომ ფონდი არ აიღებდა ახალ ვალდებულებებს და აღარ მოახდენდა რესურსების ახალ პროექტებში დაბანდებას. შესაბამისად, ფონდის მიერ საინვესტიციო საქმიანობის დაწყება პროგრამის პირობებთან შეუსაბამოა.

ენდრიუ ჯუველის განმარტებით, IMF-ის მისიის ვიზიტის ფარგლებში მათ საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდათ DFG-ის მენეჯმენტთან, რომელმაც IMF-ს მათი საქმიანობის ბიზნესმოდელი გააცნეს.

ჯუველი აღნიშნავს, რომ ფონდის შესახებ პროგრამაში არსებული ჩანაწერი მკაფიოა და ის ფონდს საინვესტიციო საქმიანობას უზღუდავს. მისი თქმით, აქედან გამომდინარე უმჯობესი იქნება თუკი ფონდის შესახებ მსჯელობა გაგრძელდება არა არსებული პროგრამის ჩარჩოებიდან გამომდინარე, არამედ მის შესახებ IMF-ის ახალი პროგრამის შეთანხმებისას იქნება საუბარი.

"ჩვენ საქართველოს განვითარების ფონდთან კარგი შეხვედრა გვქონდა. არსებული პროგრამის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის ადგილმონაცვლე არის საქართველოს განვითარების ფონდი. პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულება კი იყო, რომ არც საპარტნიორო ფონდი და არც მისი რეფორმირებული მემკვიდრე არ აიღებდა ახალ ვალებს და არ შევიდოდა ახალი პროექტების ფინანსირებაში. საქართველოს განვითარების ფონდის მენეჯმენტთან შეხვედრაზე ფონდმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მათ სურთ ახალი პროექტების დაფინანსება, მათ სურთ ახალი კაპიტალის მოზიდვა, შესაბამისად ეს იქნება პროგრამის პირობებთან შეუსაბამო. მათ გვითხრეს რომ მათ გაიარეს არაერთი რეფორმა, რომელთან დაკავშირებითაც კითხვები გვქონდა.

შეხვედრაზე ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ დიახ თქვენ საკმაოდ პოზიტიური რეფორმირება გაიარეთ, გავეცანით თქვენს ბიზნეს მოდელს და ამას მხედველობაში მივიღებთ. თუმცა აღვნიშნეთ რომ ჩვენთვის რთულია პროგრამის პირობების ცვლილება. ვთქვით, რომ თუკი გსურთ ჩართულობა პროგრამის ფარგლებში, ეს სირთულე არსებობს. შესაბამისად აქაც ავღნიშნეთ რომ მსგავსი ჩართულობისთვის შესაძლებლობა არსებობს, რომ გადავდოთ გვერდით შეჩერებული პროგრამა და დავიწყოთ მსჯელობა ახალი პროგრამის შესახებ.

მათ შეუძლიათ ახალი სესხების გაცემა, თუმცა ტექნიკურად ეს არსებული პროგრამის პირობების დარღვევას წარმოადგენს,"- განაცხადა ენდრიუ ჯუველმა.

საქართველოს განვითარების ფონდის შეფასებით, მათ მიერ რეფორმის ჩატარების შემდეგ ის ვალდებულება, რაც IMF-ის წინაშე საპარტნიორო ფონდს შეეხებოდა მათზე აღარ ვრცელდება, შესაბამისად, რეფორმირებულ ფონდს საინვესტიციო პროექტების განხორციელება შეუძლია. თუმცა, ამ მხრივ განსხვავებულია IMF-ის პოზიცია, რის შესახებაც IMF-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ენდრიუ ჯუველმა BMG-ის განუცხადა, რომ ფონდის მიერ ახალი სესხების აღება და ახალი პროექტების დაფინანსება პროგრამის პირობებთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა.

როგორც ცნობილია DFG-იმ საინვესტიციო საქმიანობა განაახლა და პირველი ინვესტიცია აბასთუმანში, რედიქს ჯგუფის სასტუმროს პროექტში ჩადო. აღნიშნული ტრანშის მოცულობა $3 მილიონს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები