მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საკითხებში დაეხმარება სახელმწიფო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს? - აზარაშვილის პასუხი

643fad036f2e7
მარიამ იზორია
19.04.23 13:09
503
ჯანდაცვის მინისტრი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით პარლამენტში ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდა. სხდომაზე, რომელიც დახურულ ფორმატში გაიმართა, მთავარ თემას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტი - Voxzogo წარმოადგენდა.

საქმე ის არის, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა რამდენიმე კვირის წინ აქცია გამართეს. ისინი ითხოვდნენ, რომ სახელმწიფოს ბავშვების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტი, Voxzogo შემოეტანა და აღნიშნული დაავადების მქონე ბავშვებისთვის მიეწოდებინა. მათივე ცნობით, Voxzogo-ს საშუალებით აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვებს უმსუბუქდებათ ტკივილები და იწყება კიდურების ზრდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული ბავშვისთვის 150 ინექციაა საჭირო და სრული კურსის ღირებულება 200 000 დოლარს შეადგენს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დახურული სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან განმარტა, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული მედიკამენტი არ ფინანსდება. მისივე განცხადებით, მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით ვერანაირ ვადებზე ვერ ისაუბრებენ.

„სხდომას მშობლებიც ესწრებოდნენ. კითხვები იყო მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. აქვე გავაცანი დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული მედიკამენტი არ ფინანსდება. არის სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები, მაგალითად, ბრიტანეთის, გერმანიის, სადაც აღნიშნული მედიკამენტის ბიუჯეტიდან დაფინანსების თაობაზე განხილვებიც კი შეჩერებულია.

არ ვაკლებთ მცდელობას, რომ თუ რაიმე საჭიროება არსებობს ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების დახმარებასთან დაკავშირებით - უკან არ დავიხიოთ. მზად ვართ, ნესბიმიერი საჭიროება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მათ შევთავაზოთ.

ასევე იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც თამდევი დაავადებები აქვთ და მათი სიცოცხლე რისკის შემცველია, დიაგნოსტიკა, როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შეგვიძლია დავაორგანიზოთ და დავაფინანსოთ.

რაც შეეხება მედიკამენტის შემოტანის ვადებს, ვერანაირ ვადებზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენ სხვა ქვეყნების გამოცდილების გავთვალისწინებით, ასევე ჯანმოს საფუძველზე ვმოქმედებთ. გადაწყვეტილება, რომ რაღაც ვადაში მედიკამენტი შევიძინოთ საბჭოს არ მიუღია“ , - განმარტავს ჯანდაცვის მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები