ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გამართული ვიზიტის ფარგლებში, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციების გაუქმება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება, ქვეყანაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობას და მმართველობის ცვლილებას უკავშირდება.
მართალია, ახალ სასანქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ბევრი რამ არ არის ცნობილი და არც ის ვიცით, ყველა შეზღუდვას გააუქმებს თუ არა ტრამპი, თუმცა ერთი რამ ცნობილია - სირია პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად სანქცირებული სახელმწიფოა, რაც მის წინა ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული.
აშშ-სა და სირიას შორის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში დაძაბულობით ხასიათდებოდა, თუმცა 2011 წელს, სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, სასანქციო რეჟიმმა ახალი, უფრო მკაცრი ფორმა მიიღო. ვაშინგტონმა მიზნად დაისახა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის იზოლირება, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების შეჩერება და პოლიტიკური ცვლილებების ხელშეწყობა. შედეგად, თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასანქციო რეჟიმი მივიღეთ, რომელიც ქვეყანას თითქმის ყველა მიმართულებით ზღუდავს.
1. ეკონომიკური სანქციები
აშშ-ის მთავრობამ სირიის ეკონომიკურ სექტორებზე არაერთი შეზღუდვა დააწესა, კერძოდ:
• ბანკებისა და სახელმწიფო კომპანიების აქტივების გაყინვა – აიკრძალა მათზე ამერიკული ფინანსური ინსტიტუტების მომსახურება.
• დოლარში ვაჭრობის შეზღუდვა – სირიის მთავრობასა და დაკავშირებულ ორგანიზაციებს შეეზღუდათ წვდომა ამერიკულ დოლარზე, რამაც სერიოზულად დააზარალა საგარეო ვაჭრობა.
• ამერიკული ინვესტიციების აკრძალვა – აშშ-ის მოქალაქეებსა და კომპანიებს აეკრძალათ ინვესტირება სირიის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში.
2. პერსონალური სანქციები
ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ასადის მმართველ გუნდსა და მათ მხარდამჭერ ბიზნესმენებს:
• ბაშარ ალ-ასადი და მისი გარემოცვა – მოხვდნენ „შავ სიაში", რაც გულისხმობს სავიზო აკრძალვებსა და აქტივების დაყადაღებას.
• გავლენიანი ბიზნესმენები – ის პირები, ვინც ფინანსურად ან ლოგისტიკურად ეხმარებოდნენ რეჟიმს, დაექვემდებარნენ პირად ფინანსურ სანქციებს.
3. „კეისარის აქტი"
2020 წელს მიღებული „კეისარის აქტი" წარმოადგენს აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე ყოვლისმომცველ სადამსჯელო კანონმდებლობას სირიის წინააღმდეგ. იგი ითვალისწინებს:
• ყველა კომპანიის დასჯას, ვინც თანამშრომლობდა ასადის რეჟიმთან რეკონსტრუქციის, ენერგეტიკის, ავიაციის ან თავდაცვის სფეროში;
• სანქციების გავრცელებას მესამე ქვეყნების მოქალაქეებზე – იმათზე, ვინც ეკონომიკურ კავშირშია სირიის მთავრობასთან;
• ფინანსური რისკის გაზრდას ყველა საერთაშორისო მოთამაშისთვის, ვინც სირიის ფინანსურად დახმარებას შეეცდებოდა.
საერთო ჯამში, აშშ-ის სანქციების გამო, სირია პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ, ეკონომიკურად ჩამორჩენილ და განუვითარებელ სახელმწიფოდ იქცა, ეს რეალობა კი, შესაძლოა, ტრამპის და აჰმედ ალ-შარაას მმართველობის პერიოდში არსებითად შეიცვალოს.




























