2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან უცხოეთში 2.84 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით ნაკლებია. კლების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საქართველოდან სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტის/რეექსპორტის 94%-იანი ვარდნაა, რაც $450 მილიონიან დანაკლისს წარმოადგენს. ასევე 6%-ით, 934 მილიონ დოლარამდე არის შემცირებული მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი/რეექსპორტი, თუმცა ავტომობილები კვლავ საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელია.
ავტომობილების შემდეგ მეორე პოზიციას იკავებს ღვინის ექსპორტი, რომელიც 24%-ით, 156 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. სულ საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასე ნაწილდება.
საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი 2024 წლის პირველ 6 თვეში:
1) მსუბუქი ავტომობილები - $934 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 6%;
2) ღვინოები - $156 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 24%;
3) ფეროშენადნობები - $143 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 30%;
4) სპირტიანი სასმელები - $132 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 59%;
5) ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $102 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 239%;
6) მინერალური და მტკნარი წყლები - $81 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 23%;
7) აზოტოვანი სასუქები - $61 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 38%;
8) გაზიანი შაქრიანი სასმელები - $58 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 1%;
9) მედიკამენტები - $53.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 9.5%;
10) ოქრო - $50 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 10%.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყანა 2024 წლის პირველ ნახევარში იყო ყირგიზეთი, რაც უპირველეს ყოვლისა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. ყირგიზეთში სულ 453 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წლიურად 61%-ით მეტია. საქმე ისაა, რომ ყირგიზეთი არაა მიერთებული საერთაშორისო სანქციებს, რის გამოც ის რუსეთის ფედერაციისთვის ავტომობილების იმპორტის ახალი წყარო გახდა, შესაბამისად მაღალი ალბათობით ყირგიზეთში საქართველოდან გასული ავტომობილები შემდეგ შუამავლების მეშვეობით რუსეთის ბაზარზე ხვდება.
ექსპორტში მეორე ადგილს 354 მილიონი დოლარით ყაზახეთი იკავებს, რაც ასევე მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. ყაზახეთში ექსპორტი 18%-ით გაიზარდა.
მესამე პოზიცია კი უშუალოდ რუსეთის ფედერაციას უკავია, $340 მილიონიანი ექსპორტით, რაც წინა წელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. თუმცა, უცნობია რა იყო მთლიანად ექსპორტი რუსეთში, რაც მესამე ქვეყნების (ყირგიზეთის; ყაზახეთის) მეშვეობით განხორციელდა.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს საექსპორტო ქვეყნების ტოპ ათეულში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ შედის.