მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

11 თვეში ექსპორტმა რეკორდულ $6.6 მილიარდს მიაღწია - საექსპორტო საქონლის ტოპ-10

კონტეინერი

2025 წლის 11 თვეში საქართველოს ექსპორტი წლიურად 10%-ით, 6.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, ექსპორტის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სექტორმა, რომელიც წელს 18%-ით, 2.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

მეორე პოზიციას იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 340 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 60%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული ძირითადად ოქროს საერთაშორისო ფასის ზრდით არის განპირობებული. მესამე პოზიციას კი სპირტიანი სასმელები იკავებს 256 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 5%-ით არის შემცირებული. ასევე შემცირებულია ღვინის ექსპორტი 245 მილიონ დოლარამდე, კლება წინა წელთან 7%-ს შეადგენს.

საქართველოს ტოპ 10 საექსპორტო საქონელი 2025 წლის 11 თვეში:

# საქონელი მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან
1 მსუბუქი ავტომობილები 2622 18%
2 ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 340 60%
3 სპირტიანი სასმელები 256 -5%
4 ყურძნის ნატურალური ღვინოები 245 -7%
5 ფეროშენადნობები 207 -35%
6 მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე 161 5%
7 მინერალური და გაზიანი წყლები, შაქრის შემცველობით 155 21%
8 თხილი და სხვა კაკალი 146 62%
9 აზოტოვანი სასუქები 118 14%
10 ნავთობი და ნავთობპროდუქტები 114 49%
11 დანარჩენი საქონელი – სულ 2255 4%

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, მათ შორის კვლავ პირველ ადგილზეა ყირგიზეთი 1.4 მილიარდი დოლარით (ზრდა 20%), რაც თითქმის სრულად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. 850 მილიონი დოლარით მეორე ადგილზეა ყაზახეთი (ზრდა 7%), სადაც საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ასევე მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია, მესამე მთავარი საექსპორტო ბაზარი კი რუსეთის ფედერაციაა 673 მილიონი დოლარით (ზრდა 6%).

საქართველოს ტოპ-10 საექსპორტო ქვეყანას შორის ევროკავშირის მხოლოდ ერთი წევრი ბულგარეთია, სადაც წელს 233 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე (ზრდა 118%). მთლიანად ევროკავშირის წილი ექსპორტში 25.5%-ია, ანუ 1.7 მილიარდი დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები