საქსტატმა 2025 წლის 9 თვის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, წელს ექსპორტმა 5.15 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7%-ით მეტია. ექსპორტის მატებაზე გავლენა ავტოექსპორტის 14%-იანმა ზრდამ მოახდინა, რის შედეგადაც ამ ბაზრის მოცულობამ 9 თვეში 2 მილიარდ დოლარს მიაღწია. მეორე პოზიციაზეა ძვირფასი ლითონების მადნები 276 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 63%-ით არის გაზრდილი. თუმცა კლებაა სპირტიანი სასმელების (-5%) და ღვინის ექსპორტში (-12%). ასევე შემცირებულია ფეროშენადნობების ექსპორტიც.
2025 წლის 9 თვის ექსპორტის მაჩვენებლები:
| # | საქონელი | მილიონი დოლარი 2025 წლის 9 თვეში | ზრდა/კლება წინა წელთან |
| 1 | მსუბუქი ავტომობილები | $2,004 მილიონი დოლარი; | 14% |
| 2 | ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები | $276 მილიონი დოლარი; | 63% |
| 3 | სპირტიანი სასმელები | $201 მილიონი დოლარი; | -5% |
| 4 | ყურძნის ნატურალური ღვინოები | $190 მილიონი დოლარი; | -12% |
| 5 | ფეროშენადნობები | $153 მილიონი დოლარი; | -33% |
| 6 | შაქრიანი გაზიანი სასმელები | $130 მილიონი დოლარი; | 22% |
| 7 | მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე | $129 მილიონი დოლარი; | 1% |
| 8 | აზოტოვანი სასუქები | $92 მილიონი დოლარი; | 12% |
| 9 | სამკურნალო საშუალებები დაფასოებული | $89 მილიონი დოლარი; | 7% |
| 10 | ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით | $86 მილიონი დოლარი; | 13% |
| 11 | დანარჩენი საქონელი – სულ | $1,801 მილიონი დოლარი; | 5% |
რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნების რეიტინგს, აქ პირველ ადგილზეა ყირგიზეთი 1.08 მილიარდი დოლარით, რაც ფაქტობრივად სრულად ავტოექსპორტს უკავშირდება. მეორე პოზიციას ყაზახეთი იკავებს 658 მილიონი დოლარით, მესამეზე კი რუსეთია 543 მილიონი დოლარით.




























