მთავრობა ელის, რომ სტარტაპების ხელშემწყობი კანონპროექტის ერთ-ერთი კატეგორიის კვლევისა და განვითარების დანახარჯების მომდევნო ხუთ წელში მშპ-ში 1.5%-მდე გაიზრდება.
ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა „ინოვაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხილვისას განაცხადა.
"პირველი ეხება უშუალოდ ინოვაციურ სტარტაპებს, მეორე კატეგორია ასე დავარქვათ არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რომელიც საკუთარი საჭიროების გამო გააკეთებს ინვესტიციას კვლევისა და განვითარების მიმართულებით. მესამე ჯგუფია ასევე არა სტარტაპი, არამედ კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ერთი მხრივ მომსახურებას გაუწევს მეორე კატეგორიის კომპანიებს და ზოგადად მოღვაწეობს კვლევისა და განვითარების სფეროში ნებისმიერი მიმართულებით. რაც შეეხება მშპ-თან მიმართებით კვლევისა და განვითარების წილის ზრდას, დაახლოებით 0.25%-ია დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით და ვვარაუდობთ, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში 1.5%-მდე გაიზარდოს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საუბარია სამივე კატეგორიაზე. ამაში სახელმწიფოს მონაწილეობაც არის სტატისტიკურად ჩათვლილი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც ვახსენე მაგალითად იქ განთავსდება ხელოვნური ინტელექტის განვითარების ცენტრი. ეს იქნება სახელმწიფოს ინვესტიცია და ამ მიმართულებით გაწეული ხარჯი, რაც ამ მაჩვენებლის ზრდაში მონაწილეობას რა თქმა უნდა, მიიღებს", - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის ფარგლებში, ისეთი სტარტაპ გარემოს ფორმირების საჭიროებით, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი სტარტაპების დაფუძნებას, საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას, სტარტაპებში ინვესტიციების შემოდინებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, წაახალისებს საქართველოში უკვე დაფუძნებულ სტარტაპებს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.
მთავრობა სტარტაპ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. პარლამენტი განიხილავს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლითაც ინოვაციურ სტარტაპებს, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიებსა და კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ.
კანონპროექტის მიღების შემდეგ ინოვაციურ სტარტაპებს, ინოვაციურ მცირე და საშუალო კომპანიებს, ასევე კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევ სუბიექტებს შეუმცირდებათ როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადის განაკვეთი. მთავრობაში მიაჩნიათ, რომ შეღავათები ამ კომპანიებს საშუალებას მისცემთ ფინანსური რესურსი საკუთარი პროდუქტის განვითარებისაკენ მიმართონ. ვრცლად საგადასახადო შეღავათების შესახებ ნახეთ აქ.




























