მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სარგებელს იღებს ირანის ომით რუსეთი?

რუსული ნავთობი

ირანის ომმა რუსეთს ორჯერ გაუზარდა ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები. მეტიც Bloomberg ამტკიცებს, რომ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, ანუ 2022 წლიდან კრემლი ნავთობიდან ყველაზე დიდ მოგებას იღებს. ასე მაგალითად, ბლუმბერგის თანახმად, თუ იანვარში რუსეთი დღეში საშუალოდ 135 მლნ დოლარის შემოსავალს იღებდა, მარტში ეს მაჩვენებელი 270 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

მიზეზი აშშ და და ისრაელის მიერ ირანზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციაა, რომელსაც ირანმა საპასუხო დარტყმებით უპასუხა არა მხოლოდ ისრაელზე, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებზეც. ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტეც, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც წლიურად მსოფლიო ნავთობის მეხუთედს ატარებს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისმა ჩაკეტვამ ნავთობის ბაზრებზე მიწოდება შეაფერხა ამან კი ბუნებრივია ფასი გაზარდა.

"სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გლობალურად ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 50%-იანი ზრდა ვიხილეთ; მათ შორის, „ბრენტის“ ფასმა 100-დოლარიან ნიშნულსაც კი გადააჭარბა, რაც მთელი რიგი ფაქტორებით არის გამოწვეული. პირველი რა თქმა უნდა, ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვაა, რომელიც თავის მხრივ, გლობალური მიწოდების დაახლოებით 20%-ს ატარებდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ახლა, ამ მოცემულობით, 1%-ზე ნაკლებია. როდესაც ნავთობის მიწოდება ასეთი მნიშვნელოვანი რეგიონიდან ასე მკვეთრად მცირდება, რა თქმა უნდა, ბაზარზე ჩნდება დეფიციტი და ეს დეფიციტი, თავის მხრივ, აძვირებს ნავთობს. ცხადია, მხოლოდ ბრენტი და WTI არ გაძვირებულა, მსოფლიოს მასშტაბით ყველა ტიპის ნავთობი გაძვირდა, მათ შორის, რუსული ურალსიც, რაც დღეისათვის კრემლისთვის ახალ შესაძლებლობას ქმნის. ამ შესაძლებლობის ფონზე, რა თქმა უნდა, რუსეთს შეუძლია იმაზე გაცილებით მეტი შემოსავალი მიიღოს, ვიდრე აქამდე იღებდა. ამერიკის მხრიდან იმ საგამონაკლისო წესის ამოქმედება, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, ზღვის გზით გაიტანოს ნავთობი რიგ ქვეყნებში, საერთო ჯამში აძლევს რუსეთს იმის შესაძლებლობას, რომ იმაზე გაცილებით მეტი მოცულობითა და გაცილებით მაღალი ფასით გაყიდოს ნავთობი, ვიდრე ამას აქამდე ახერხებდა", - ამბობს BMG-ის ანალიტიკოსი გიორგი თოლორდავა.

ირანში დაწყებულმა ომმა გააძვირა შავი ოქრო და ბუნებრივია გაძვირდა რუსული წარმოშობის ნავთობი ურალსიც, რომელიც ბირჟებზე 16 მარტს ბარელზე 100 დოლარსაც აჭარბებდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მართალია მოგვიანებით ფასმა იკლო, თუმცა რუსული ურალსი მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება.

TBC Capital-ის უფროსი ანალიტიკოსი რატი წიკლაური ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტეზე ამ ეტაპზე ირანს ფაქტობრივად ტყვედ ჰყავს აყვანილი.

"ირანი ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი ექსპორტიორია, მისი წილი მსოფლიო მარაგებში განსაკუთრებით დასავლური და აზიური ქვეყნებისთვის არ არის ისეთი კრიტიკული, როგორიც თავად მარშრუტია. საუბარია ჰორმუზის სრუტეზე, რომელიც ამ მომენტში, ფაქტობრივად, ირანის ტყვედ ჰყავს აყვანილი. ჰორმუზის სრუტეზე მოდის მსოფლიო ნავთობის 20%, რომელიც 2025 წელს მოვიხმარეთ. ამას ემატება ბუნებრივი აირის, კერძოდ კი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) 20%. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი, ერაყი და კატარი, ამ ომში, ფაქტობრივად, ტყვედ არიან ჩავარდნილნი იმ თვალსაზრისით, რომ მათი გემები და ნავთობი სრუტეში თავისუფლად ვთქვათ ვერ გადაადგილდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ირანს ამ სრუტის ჩაკეტვის რეალური შესაძლებლობა აქვს", - აცხადებს TBC Capital-ის ანალიტიკოსი.

რუსეთისთვის ირანში ომის კიდევ ერთი გამორჩეული სარგებელი სანქციების მოხსნა გამოდგა. 12 მარტს აშშ-მა ერთი თვით გააუქმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები. ანუ ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა აქამდე მოქმედი ერთადერთი რეალური სანქცია რუსეთის მიმართ. მართალია, გადაწყვეტილება სანქციების დროებით მოხსნას ითვალისწინებს, თუმცა ნავთობზე მაღალი ფასის პირობებში გამორიცხული არ არის ვადა გახანგრძლივდეს.

კრემლისთვის სანქციების მოხსნა უკრაინამ და ევროკავშირმა გააკრიტიკეს, რადგან რუსულ ენერგორესურსებზე საქციების ნებისმიერი ფორმით შემსუბუქენა ნიშნავს, რომ რუსეთს უფრო მეტი ფული ექნება უკრაინაში ომის დასაფინანსებლად.

CBS News-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელმა სკოტ ბესენტმა სანქციების მოხსნაზე კრიტიკას ასე უპასუხა: საკითხი მდგომარეობს იმაში თუ რომელია უკეთესი. რუსეთი მეტ ფულს იღებს, თუ ნავთობის ფასი 150-მდე გაიზრდება და ისინი ამის 70%-ს მიიღებენ, რაც 105-ია, თუ მაშინ, როცა ნავთობის ფასი 100 დოლარს ქვემოთ ჩამოვა. რეალურად ასე ისინი ნაკლებ ფულს იღებენ. ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ მაქსიმალური დამატებითი თანხა, რაც რუსეთმა შეიძლება მიიღოს, 2 მილიარდი დოლარია, რაც რუსეთის ფედერაციის ერთი დღის ბიუჯეტს უდრის. უბრალოდ სიცხადისთვის, საუბარია მაქსიმუმ 2 მილიარდ დოლარზე. ასე რომ მოდით, ამ საკითხს სწორი ფორმულირება მივცეთ".

ამ ეტაპზე რუსულ ნავთობზე სანქციები ერთი თვით არის დაპაუზებული და ტრამპის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის დასრულების შემდეგ აღდგება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სანქციების დროებით მოხსნამდე ერთი დღით ადრე, ანუ 11 მარტს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, რომელიც უკრაინასა და რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული, ფლორიდაში შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კირილ დმიტრიევს.

ამასობაში, კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი რუსული ნავთობზე სანქციების მოხსნაზე კომენტირებისას ამბობს, რომ ეს ორივე ქვეყნის ამერიკისა და რუსეთის საერთო ინტერესებში იყო.

"მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ ვაკვირდებით შეერთებული შტატების მცდელობას მოახდინოს ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაცია. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის წარმომადგენლების განმარტება, რომ ეს გამონაკლისი მხოლოდ იმ ნავთობზე ვრცელდება, რომელიც 12 მარტამდე უკვე ჩაიტვირთა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენი ინტერესები მართლაც სიტუაციურად ემთხვევა და საკითხს სწორედ ასე ვაფასებთ. თუმცა მიგვაჩნია, რომ არსებული ვითარება გლობალურ ენერგეტიკულ სექტორში კრიზისის გამწვავების საფრთხეს შეიცავს. მსგავსი ნაბიჯები გარკვეულწილად შეუწყობს ხელს ბაზრის დამშვიდებას, რადგან რუსული ნავთობის მნიშვნელოვანი მოცულობების გარეშე მისი სტაბილურობა შეუძლებელია", - აცხადებს პესკოვი.

მაგრამ ყველაფერი კრემლის სასარგებლოდაც მთლად არ მიდის. Reuters წერს, რომ უკრაინული დრონების თავდასხმების, ტანკერების დაკავებისა და ნავთობსადენ დრუჟბას მუშაობის შეჩერების შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა რუსეთის ნავთობის საექსპორტო სიმძლავრეების სულ მცირე 40%.

ფაქტია, რომ უკრაინაში ომისა და სასანქციო პირობებშიც კი რუსეთი ახერხებს ენერგორესურსებიდან შემოსავალი მიიღოს და ნებისმიერი ასეთი დაპირისპირება ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში კრემლს შემოსავლებს უზრდის. ევროკავშირიც კი, რომელიც წლების განმავლობაში რუსული ნავთობისა და გაზის ყველაზე სარფიანი მომხმარებელი იყო, ჯერჯერობით ვერ ახერხებს სრულად აკრძალოს იმპორტი. სულ ახლახან გაზრდილი ფასის გამო, ევროკომისიამ რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენაც კი გადადო, თუმცა ევროკავშირის გეგმა ჯერჯერობით უცვლელი რჩება, რაც რუსული გაზისა და ნავთობის სრული აკრძალვაა 2027 წლისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები