საქართველოს მთავრობა "საქართველოს განვითარების ფონდის" (ყოფილი "საპარტნიორო ფონდი") ლიკვიდაციას გეგმავს - ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე მთავრობის მიერ წარსადგენ კანონპროექტების ჩამონათვალში. აღნიშნულ ფონდს მისი რეორგანიზაციის შემდეგ ბესიკ ბუგიანიშვილის ხელმძღვანელობს, ხოლო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით საგანელიძეა.
ფონდს წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობასა და IMF-ს შორის არსებული პროგრამის ფარგლებში ახალი კრედიტების გაცემა შეზღუდული ჰქონდა, რადგანაც IMF-ის შეფასებით "საპარტნიორო ფონდის" ოპერაციები ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან ფისკალურ რისკს შეიცავდა. თუმცა 2023 წლის მაისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ფონდის რეორგანიზაცია მოხდა და მისი შემადგენლობიდან მსხვილი სახელმწიფო კორპორაციების გამოსვლის პროცესი დასრულდა. ამის შემდეგ კი "საქართველოს განვითარების ფონდმა" ახალი სესხების გაცემა განაახლა.
რეფორმირების შემდეგ ფონდმა სულ სამი ახალი საკრედიტო დაფინანსება გასცა, ეს პროექტებია:
"ბლექ სი პეტროლიუმის" ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა - 8.2 მილიონი დოლარის კრედიტი
ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის პროექტი ქვეყანაში მშენებარე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ახალი ინდუსტრიული ობიექტია. პროექტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და მისი პირველი ფაზის დასრულებისას ქარხანას წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეეძლება, მომავალში კი წარმადობა 4 მლნ ტონამდე გაიზრდება. პროექტის ჯამური ბიუჯეტი $600 მილიონ დოლარს შეადგენს.
ქარხნის დაფინანსება $50 მილიონი დოლარის სინდიცირებული კრედიტით დაიწყო, რომელშიც კომერციული ბანკები - "ქართუ ბანკი", "ხალიკ ბანკი" და "ბაზისბანკი" 45 მილიონი დოლარით, "საქართველოს განვითარების ფონდი" კი 5 მილიონი დოლარით მონაწილეობდნენ, 2025 წლის დეკემბერში კი მთავრობამ ფონდს პროექტში მონაწილეობის 8.2 მილიონ დოლარამდე გაზრდის ნებართვა მისცა.
სასტუმრო აღობილი აბასთუმანში - $3 მილიონის დაფინანსება
პირველი პროექტი, რომელშიც "საქართველოს განვითარების ბანკმა" რეფორმირების შემდეგ დააბანდა თანხა ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ჰოლდინგის მიმდინარე პროექტია აბასთუმანში.
ფონდმა სასტუმროს პროექტს $3 მილიონის დაფინანსება გამოუყო და მასში 49%-ის წილით მონაწილეობდა. 2025 წლის აგვისტოში კი ლაშა პაპაშვვილის კომპანიამ "საქართველოს განვითარების ფონდის" წინაშე ვალდებულების დაფარვის და წილის გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და ფონდისგან კომპანიის 49%-ის წილი 4.1 მილიონ დოლარად გამოისყიდა.
"ნოვატექ ინტერნეიშენალის" რადიოფარმაცევტული სასწარმო - 1.8 მილიონი ევროს დაფინანსება
ახალმა ქარხანამ სიმსივნის სადიაგნოსტიკო მედიკამენტი PET-CT უნდა დაამაზადოს, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისთვის გამოიყენება. პროექტის მთლიანი ღირებულება 9.2 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 1.8 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება "საქართველოს განვითარების ფონდმა" გამოყო.
"რადიოაქტიური ფარმაცევტული პროდუქტების წარმოება საქართველოში დღემდე არ ყოფილა და სრულად იმპორტდამოკიდებული ვიყავით ან პაციენტები უცხოეთში მიდიოდნენ სადიაგნოსტიკოდ. ახალი საწარმო გამოუშვებს PET-CT-ის რადიო სადიაგნოსტიკო პრეპარატებს. ეს პროექტი ჩვენთან შემოვიდა გასულ წელს, მასზე საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ, მას ერთ-ერთ კომერციულ ბანკთან ერთად ვაფინანსებთ,"- 2025 წელს განაცხადა ფონდის გენერალურმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა.
ფონდის ფინანსური მდგომარეობა:
საქართველოს განვითარების ფონდის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული უკანასკნელი ფინანსური ანგარიში 2024 წლის შედეგებს ასახავს. დოკუმენტის თანახმად, ფონდის საერთო კაპიტალი 2024 წლის ბოლოს 384.8 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წლიურად მცირედით, დაახლოებით 4.5 მილიონი ლარით შემცირდა. კაპიტალის ძირითადი ნაწილი – 250 მილიონი ლარი – სააქციო კაპიტალს უკავია. გაუნაწილებელი მოგება 178.8 მილიონ ლარამდე შემცირდა.
ფონდის ჯამური ვალდებულებები 2024 წლის ბოლოს 114.3 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2023 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა (2023 წელს 153.8 მლნ ლარი). გრძელვადიანი ვალდებულებები 45 მილიონ ლარს მოიცავს, ხოლო მოკლევადიანი - 69.3 მილიონ ლარს.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, ფონდმა 2024 წელი ზარალით დახურა. კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, ჯგუფის წმინდა ზარალმა 10.4 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წელს საინვესტიციო ფონდის მოგება 33.1 მილიონ ლარს შეადგენდა.
ფონდის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, კომპანიები რომელთა აქციებსაც ის ამ დრომდე ფლობს, ესენია სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" და "აერო სტრუქტურების საწარმო ციკლონი", რომელიც თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების წარმოებით არის დაკავებული.
2024 წელს ფონდის ჯამურმა საოპერაციო შემოსავალმა 41.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 13.6 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
საქართველოს განვითარების ფონდის შემოსავლები ასე ნაწილდება:
- სასტუმრო ბორჯომი ლიკანი - 15.3 მილიონი ლარი, ზრდა 1.1 მილიონი ლარი;
- აერო სტრუქტურების საწარმო ციკლონი - 25.5 მილიონი ლარი, ზრდა 13.5 მილიონი ლარი;
- სხვა სეგმენტებიდან შემოსავალი - 0.5 მილიონი ლარი, კლება 1 მილიონი ლარი.
ფონდის კონსოლიდირებული შემოსავლის ზრდის მიუხედავად, 2024 წელი ფონდმა ზარალით დაასრულა, რაც უკავშირდებოდა აერო სტრუქტურების საწარმო ციკლონის ზარალს. ფონდის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საწარმოს გაზრდილი ხარჯების გამო, ამ მიმართულებით ზარალი დაფიქსირდა.




























