მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სჭირდება IT სექტორს საქართველოში განვითარებისთვის? - სულაბერიძის მოსაზრება

it

ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თორნიკე სულაბერიძე, BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში ქართული IT სექტორის განვითარებაზე საუბრობს და დარგის რამდენიმე საჭიროებას გამოყოფს.

"იმისთვის, რომ IT სექტორი საქართველოში მდგრადი გავხადოთ, აუცილებელია იმ ნიშის პოვნა და რეგიონის ქვეყნებიდან გამორჩევა, რაც საქართველოს კონკურენტულ უპირატესობას მისცემს.

ამისთვის საჭიროა, რომ მთლიანად ტექნოლოგიური ეკოსისტემა განვითარდეს და არა მხოლოდ IT მიმართულება. საჭიროა, რომ ნელ-ნელა "აუთსორსინგიდან" პროდუქტის შექმნაზეც გადავიდეთ, გაჩნდეს პირველი "იუნიქორნ" კომპანიაც..." - აღნიშნავს თორნიკე სულაბერიძე.

ასოციაციის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სფეროს განვითარებას საკანონმდებლო ცვლილებები და ახალი კანონმდებლობის შემუშავება სჭირდება. სულაბერიძის თქმით, პრიორიტეტული მიმართულება IT ვიზის დანერგვაა. იგი აღნიშნავს, რომ ბინადრობის უფლების რთულად მოპოვების გამო, მრავალი უცხოელი სპეციალისტი ტოვებს საქართველოს.

"საკმაოდ ბევრი მიგრანტი ტოვებს საქართველოს, რისი მიზეზიც ბინადრობის უფლების რთულად მოპოვებაა. სწორედ ამიტომ არსებობს ქვეყნები, რომლებიც სპეციალისტებს ე.წ. IT ვიზას სთავაზობენ და ამით უცხოელ ტალანტს იზიდავენ.

IT ვიზა მხოლოდ იმ ადამიანებს ენიჭებათ, ვისაც ამ სფეროში აქვთ განათლება მიღებული ან მუშაობენ და ის გრძელვადიანია, რაც სპეციალისტს სტაბილურობის და უსაფრთხოების განცდას უჩენს. ჩვენთან, ჯერჯერობით, ეს ვიზა არ არის, არის ბინადრობის უფლება, რაც ისედაც ყველაზე ვრცელდება და არა სექტორზე", - განმარტავს თორნიკე სულაბერიძე.

საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას, სულაბერიძე ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა რეფორმები, რომლებიც კომპანიებს მეტ მოქნილობას მისცემს.

"სტატისტიკა აჩვენებს, რომ სექტორმა განვითარება 2020 წელს დაიწყო, როდესაც საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შემოიღეს, თუმცა მას შემდეგ ბევრ რამ შეიცვალა და ესეც რეფორმებს საჭიროებს. სექტორისთვის ახალი კანონმდებლობის შემუშავებაა პრიორიტეტი. მაგალითად, დაბეგვრის სისტემა არ უნდა ვრცელდებოდეს მხოლოდ საერთაშორისო კომპანიებზე, არამედ, სრულად სექტორზე.

ასევე, არის გარკვეული ნიუანსები, რაც ხელს უშლის კომპანიებს უცხოელი ტალანტის შენარჩუნებაში. მაგალითად, თუ ადამიანი დასაქმებულია კომპანიაში და აქვს ეს სტატუსი, მას აქვს ვალდებულება, რომ 12 თვის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდეს. მოგეხსენებათ, ჩვენი სექტორი საკმაოდ მოქნილია, ზოგს უნდა, რომ 3 თვით წავიდეს და საიდანღაც იმუშაოს, ასეთ დროს კომპანია საფრთხის ქვეშ დგება, დაკარგოს კადრი", - აღნიშნავს თორნიკე სულაბერიძე.

ცნობისთვის, გასულ წელს საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა $784 მლნ-ს მიაღწია, რაც აღნიშნული სექტორისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები