ICTA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თორნიკე სულაბერიძე, BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში განმარტავს, რატომ შემცირდა IT სექტორის შემოსავლების 2024 წლის პირველ კვარტალში. მისი თქმით, მთავარი მიზეზი 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული მიგრანტების რელოკაციაა.
სებ-ის ინფორმაციით, პირველ კვარტალში IT სექტორის საგარეო შემოსავალმა $147.6 მლნ შეადგინა, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27%-ით ნაკლებია.
"შემოსავლების ვარდნა, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა ეს გარკვეული მიზეზების გამო მოხდა. 2022 წელს უცხოურმა კომპანიებმა [საქართველოში] რელოკაცია დაიწყეს, რამაც 2023 წელს პიკს მიაღწია, დღეს კი საკმაოდ ბევრი მათგანი ტოვებს საქართველოს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
მთავარი მიზეზი ბინადრობის უფლების რთულად მოპოვებაა. სწორედ ამიტომ არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპულში, IT ვიზა, რითაც ისინი ტალანტებს იზიდავენ. ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ სეციალისტებს, პირველ კვარტალში 1000-ზე მეტმა IT სპეციალისტმა დატოვა საქართველო, რაც ძალიან სამწუხაროა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანაში მოვიზიდოთ და შევინარჩუნოთ ტალანტი", - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.
2021 წლის ბოლოსთვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში, 30 600 ადამიანი იყო დასაქმებული, 2023 წლის ბოლოს კი ამ რიცხვმა 47 000-ს მიაღწია. 2024 წლის პირველ კვარტალში აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 46 300-მდე შემცირდა.
სულაბერიძე აღნიშნავს, რომ არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც უცხოელი სპეციალისტები საქართველოს ტოვებენ, თუმცა, მათ შორის ყველაზე კრიტიკული ბინადრობის პრობლემაა.
"ბევრ ადამიანს უნდა, რომ წავიდეს და, მაგალითად, კუნძულებიდან იმუშაოს, საქართველო კი მათთვის პირველი გაჩერება იყო იმისთვის, რომ ომის დროს დაეტოვებინათ რუსეთი, ბელარუსი ან უკრაინა და შემდეგ მოეძებნათ მუდმივი საცხოვრებელი უკეთესი პირობებით.
თუმცა, ბინადრობის უფლება მაინც კრიტიკულია. მათ სურთ სტაბილურობა, განცდა იმისა, რომ საქართველოდან თუ დროებით გავლენ, დაბრუნებისას მათ საზღვარი გამოატარებთ. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა და ვიცი, რომ სახელმწიფო მუშაობს მისი გადაჭრის გზებზე, მათ შორის, ევროპული პრაქტიკის დანერგვით, თუმცა, ჯერ ხელშესახები არაფერია", - აღნიშნავს თორნიკე სულაბერიძე.
სულაბერიძე ასევე გამოყოფს ორ ქვეყანას, სადაც IT მიგრანტები საქართველოდან ყველაზე ხშირად გადადიან საცხოვრებლად: პორტუგალია და სერბეთი.
"სერბეთში მიდიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის მიმართ ლოიალურად არიან განწყობილი და საქართველოში არ ექმნებათ შესაბამისი კომფორტი.
რაც შეეხება პორტუგალიას, იქ ადამიანები ცხოვრების უკეთესი დონის გამო მიდიან. პორტუგალია საკმაოდ ტურისტული, თუმცა ხელმისაწვდომი ქვეყანაა, ფასები ბევრად დაბალია, ევროკავშირის წევრია..." - აღნიშნავს სულაბერიძე.
ICTA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ IT ტალანტების რელოკაციის მიზეზებს შორისაა ქირაზე გაზრდილი ფასი და კერძო სკოლების ხელმისაწვდომობა იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოში ოჯახებთან ერთად ჩამოვიდნენ.