მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა სჭირდება საქართველოს ლოგისტიკურ სექტორს განვითარებისთვის? - Kairos Logistics-ის მოსაზრება

მიხეილ ნამადოვი

რეგიონში მიმდინარე ცვლილებებისა და გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე, "შუა დერეფანში" პროცესებიც იცვლება და ქართულ ლოგისტიკურ სექტორს სახელმწიფოსგან ინიციატივები სჭირდება, რომლებიც მას განვითარებაში დაეხმარება - ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ისაუბრა და ის საკითხები ჩამოთვალა, რომელიც, მისი აზრით, დღის წესრიგში მალე უნდა დადგეს.

"დღის წესრიგშია მოსაქცევი საავტომობილო გადაზიდვები, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ახლახან ყაზახეთში შეგვექმნა პრობლემები და, ამ მხრივ, შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებთან უშუალო კომუნიკაციაა საჭირო, რომ ბიუროკრატიული პროცესები და პირველ რიგში, ერთი ყველაზე მარტივი საკითხი - სანებართვო სისტემები - დაიხვეწოს და უფრო გამარტივდეს.

შემდეგი ეტაპი იქნებოდა სტიმულების შექმნა, რომ დარგი გამსხვილებულიყო და წასულიყო უფრო განვითარებისკენ, რათა საქართველოში იყოს სათანადო ინფრასტრუქტურა. ეს არ არის მხოლოდ პორტი, ეს არის ლოგისტიკური ცენტრები, ეს არის ძლიერი სატრანსპორტო კომპანიები, რომელთაც შეუძლიათ მუდმივი, სისტემური, ხარისხიანი სერვისის მიწოდება პარტნიორებისთვის, რასაც მიჩვეულნი არიან კიდეც ევროპელები. ისინი არ არიან მიჩვეულები ფრაგმენტულ ბაზარს და გზების მუდმივ ჩაკეტვებს, უამინდობის გამო თუ რიგების გამო. გვიჭირს მათთვის ამის ახსნა. ამაზე გვაქვს სამუშაო და საფიქრალი, როგორ შეიძლება დარგში სტიმულები გაჩნდეს, რომ როგორც ადგილობრივები, ასევე საერთაშორისო კომპანიებიც, უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოში ლოგისტიკური დარგის განვითარებაში", - განაცხადა მიხეილ ნამადოვმა.

კითხვაზე, ზუსტად რა სტიმულებსა და ხელშემწყობ ფაქტორებს საჭიროებს სექტორი განვითარებისთვის, Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ასახელებს.

"საინტერესო იქნება იმაზე დაფიქრება, როგორ შეიძლება ქვეყანაში მოხდეს სატრანსპორტო საშუალებების განახლება, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა და ვიცით, რომ საქართველოში მათი ღირებულება საკმაოდ მაღალია, თუნდაც ლიზინგით თუ საბანკო სესხით. ასევე, ფრაგმენტული ვითარება ქმნის ძნელად საპროგნოზო სიტუაციას. ამიტომ, როცა ინვესტორი გრძელვადიანად უყურებს, 6-7 წლის ფარგლებში, საკმაოდ ურთულდება, ამონაგების სისწორე განსაზღვროს. ამ მიმართულებით საინტერესო იქნებოდა ახალი ინიციატივების განხილვა. მართალია, პორტი უკვე დაანონსებულია, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა სიტუაცია იქნება, ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების კუთხით. ამიტომ, შესაძლებელია აქცენტი გაკეთდეს პარკების შექმნაზე, სადაც ტვირთების ადგილზე გადამუშავება. ამით უფრო საინტერესო გავხდებოდით, რადგან შეიძლება სხვა არტერიამ ტრანზიტით გვაჯობოს, მაგრამ თუ შენ ინფრასტრუქტურა გაგაჩნია, რომ დაასაწყობო ეს ტვირთები, ისიც აპრიორი შენკენ წამოვა", - ამბობს ნამედოვი.

BMG-ის ეთერში ნამედოვმა საქართველოს ლოგისტიკური სექტორის პოტენციალი უფრო ზოგად კონტექსტშიც, მათ შორის ე.წ. "ტრამპის მარშრუტის" ამოქმედების ფონზეც შეაფასა.

"მულტინაციონალურ კომპანიებს, რომელთაც ჰაბები ჰქონდათ ბალტიისპირეთში, ბელორუსიაში, თუნდაც რუსეთში და იქიდან ნაწილდებოდა ტვირთები შუა აზიასა და თუნდაც სამხრეთ კავკასიაში, ომმა შეუცვალა რეალობა და ისინი უკვე მინი ჰაბებზე გადადიან, რეგიონალურ კლასტერებს ქმნიან. საქართველოსაც აქვს რაღაც მიმართულებით პრივილეგიები, სტამბულზე მოხდა გადამისამართება, ბაქოც ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, იზრდება, როგორც ლოგისტიკური ცენტრი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების გახსნა მოსალოდნელი იყო, რადგან კონფლიქტი უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა. TRIPP-ის მარშრუტების ამოქმედება გარკვეულწილად განტვირთავს მოძრაობას და ხელს შეუწყობს ტრანზიტული ნაკადების სწორ გადანაწილებას. ამიტომ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ შეგვიძლია დღევანდელი სურათიდან დავიწყოთ ზრდის პროგნოზირება და მანდ გამოჩნდება როგორც ბიზნესის, ასევე მთავრობის მოქმედებები", - ამბობს Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი.

ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელმა 2026 წლის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ Kairos Logistics-ის მთავარი სტრატეგიული მიზანი შუა დერეფნის განვითარებაა. კომპანია აფართოებს არეალს და წელს უზბეკეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს. პარალელურად, ნამადოვის თქმით, კომპანია აქტიურად ზრდის სასაწყობე/ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას: ექსპლუატაციაში უკვე შესულ 20 000 მ²-ს წელს 50 000 მ² A კლასის შენობა დაემატება.

"ვამატებთ ფოთსაც, სადაც აქტიურად ვამატებთ ჩვენს სატრანსპორტო საშუალებებს ევროპის მიმართულებაზე და ჯამურად მგონია, რომ ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება სრულ სურათს, საკმაოდ პოზიტიურად შეგვიძლია შევხედოთ, მიუხედავად გამოწვევებისა", - ამბობს მიხეილ ნამადოვი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები