მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სჭირდება Starring Georgia-ს საერთაშორისო ბრენდად ქცევას? - მიხეილ გიორგაძის მოსაზრება

მიხეილ გიორგაძე

კომპანია Eastern Promotions-ის თანადამფუძნებელი და კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს საერთაშორისო ბრენდად ქცევისთვის მნიშვნელოვანია მისი უწყვეტობა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც CHECK IN GEORGIA-სთვის სახელის შეცვლას და Starring Georgia-ს დარქმევას შეეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე პროექტის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. შეგახსენებთ: CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში საერთაშორისო არტისტები სახელმწიფოს პანდემიამდე ჩამოჰყავდა, შემდეგ პროექტი შეჩერდა და 2023 წელს განახლდა ახალი სახელით - Starring Georgia. მაშინ ითქვა, რომ პროექტი ორწლიანი იყო და მისი განხორციელებისთვის სახელმწიფო შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მენეჯმენტს ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გადაერიცხა.

- იქიდან გამომდინარე , რომ CHECK IN GEORGIA ერთი თუ ორი წელი იყო, მერე კი იყო დიდხნიანი წყვეტა, დიდ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ სახელი შეეცვალა. ნებისმიერ პროექტს თავისი მარკეტინგული გათვლა აქვს და ალბათ ამ პროექტზეც მარკეტოლოგებმა იმუშავეს; როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ისე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამ მხრივ ადამიანური რესურსის ნაკლებობა არაა და რადგან მათ ჩათვალეს, რომ ახალი ბრენდი უნდა შექმნილიყო, ამაში არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს და მით უმეტეს საეჭვიანო, რადგან CHECK IN GEORGIA ჩემი მინისტრობის პერიოდში შეიქმნა.

- რა სჭირდება Starring Georgia-ს საერთაშორისო ბრენდად ქცევას?

- ნებისმიერი ბრენდი ფასობს უწყვეტობით; Eastern Promotions-ის პროდუქტის მაგალითზე გეტყვით - ჩვენი ჯაზ-ფესტივალები საკმაოდ ცნობილ ბრენდად ჩამოყალიბდა და ამას სიამაყით ვამბობ, რადგან ის თბილისის თუ ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა. ნებისმიერი პროდუქტის ბრენდად ქცევა ძალიან კომპლექსური საკითხია; უმთავრესია გარკვეული განგრძობადობა და ტრადიციულობის შექმნა. Starring Georgia-ს გაგონებისას ის რომ პირდაპირ დაუკავშირო საქართველოს და ასოციაციები გააჩინო, ამას ძალიან კომპლექსური მუშაობა სჭირდება და მხოლოდ ერთი სახელმწიფო შპს-ის ან ერთი სამინისტროს მუშაობა არაა საკმარისი; მთელი სახელმწიფო რესურსი უნდა იყოს ჩართული... მაგალითად, როგორც ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს ვუკეთებთ პრომოციას, თუ როგორი ხელსაყრელია საქართველოში ინვესტირება და როგორი მოწინავე პოზიციები გვიჭირავს ბიზნესის კეთების რეიტინგში, იგივე უნდა იყოს ამ შემთხვევაშიც. მე არ ვიცი, ასე არის თუ არა Starring Georgia-ს შემთხვევაში, მაგრამ ვისურვებდი, ასე ყოფილიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები