ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა უდიდესმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა და სილიკონის ველის ოქროს ხანის ლოკომოტივმა, კომპიუტერული პროცესორების მწარმოებელმა Intel-მა 2024 წლის მეორე კვარტალის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომელმაც კომპანიის ინვესტორებში პანიკა გამოიწვია. მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში Intel-მა $12.83 მილიარდის შემოსავალი მიიღო, ანუ პროგნოზირებულზე $11 მილიონით და წლიურად 1%-ით ნაკლები. Intel-ის პროცესორების დანაყოფმა შემოსავალი 9%-ით გაზარდა და $7.41 მილიარდი დააგენერირა, როცა დატაცენტრებისა და AI-ის ბიზნესმა კომპანიას $3.05 მილიარდი მოუტანა, რაც შარშანდელზე 3%-ით ნაკლებია.
შემოსავალთან ერთად, პროგნოზს Intel-ი წმინდა მოგების კუთხითაც ასცდა, რომელმაც რომელმაც ერთ აქციაზე 2 ცენტი შეადგინა, როცა ბაზარი 10 ცენტს ელოდებოდა, ანუ 80%-ით მეტს. თუმცა თუ ამ მაჩვენებელს საბუღალტრო აღრიცხვის GAAP-სტანდარტით შევხედავთ, დავინახავთ, რომ კომპანიამ არათუ მიზერული მოგება, არამედ საკმაოდ დიდი, კერძოდ $1.61-მილიარდიანი წაგება დააფიქსირა, რაც თითო აქციაზე -38 ცენტის ტოლია. როგორც Intel-ის გენერალურმა დირექტორმა, პეტ გელსინგერმა ინვესტორებთან შეხვედრაზე განაცხადა, წაგება კომპანიამ Core Ultra PC-ის ხაზის პროცესორების წარმოების დაჩქარებისთვის დამატებითი რესურსების გამოყოფას უკავშირდება.
ამასთან, ამერიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ თანამშრომელთა სულ მცირე 15%-ის დათხოვნას აპირებს, რათა ხარჯები $10 მილიარდით შეამციროს. თუმცა კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ Intel-მა აქციონერებისთვის გასაცემი დივიდენდის შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღო, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის მე-4 კვარტალში შევა. კომპანიის ფინანსურ გაჯანსაღებასთან ერთად, Intel-ი ინვესტორებისთვის მოგების განაწილებას გააგრძელებს, მაგრამ თავად ეს სიგნალი საგანგაშოა, რასაც კაპიტალის ბაზარზე მყისიერი რეაქცია მოჰყვა. ვაჭრობის ოფიციალურად გახსნამდე, Intel-ის აქციის ფასმა თითქმის 21%-ით იკლო, ანუ კომპანიამ საბაზრო კაპიტალიზაციის მეხუთედი დაკარგა, ხოლო აქციის ფასი 2013 წელს დაფიქსირებულ ნიშნულს დაუბრუნდა.
მეორე კვარტალის შედეგებთან ერთად, Intel-მა მესამე კვარტალის პროგნოზიც გაავრცელა, რომელიც ასევე უარყოფითია. 2024 წლის ივლის-სექტემბერში კომპანია $13 მილიარდამდე შემოსავალს და წმინდა წაგებას ვარაუდობს, რომელიც ერთ აქციაზე 3 ცენტის ფარგლებში იქნება. ფინანსური ზარალი ისაა, რასაც Intel-ისგან ანალიტიკოსები ყველაზე ნაკლებად ელოდნენ, პირიქით - მე-3 კვარტალში ბაზარი Intel-ის $14.35-მილიარდიან შემოსავალს და 31-ცენტიან მოგებას ელოდება, რაც, ამ ეტაპზე და ამ მონაცემებით, უბრალოდ შეუძლებელია.
საერთო ჯამში, Intel-ი ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელიც ბოლო წლებში ბაზრის საერთო დინამიკის საწინააღმდეგოდ მოძრაობს. ბოლო წლების მთავარი ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტია, რომელმაც ფაქტობრივად ყველა ტექნოლოგიური კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წარმოუდგენლად გაზარდა, მაგრამ Intel-მა ამ ტენდენციით ვერ ისარგებლა და პირიქით, პროცესებს იმდენად ჩამორჩა, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე, კომპანიის აქციის ფასი 40%-ითაა შემცირებული - თან, ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული ის ვარდნა, რომელიც Intel-მა ბაზრის გახსნამდე განიცადა. გამოდის, რომ Intel-ის აქციის გაუფასურების მაჩვენებელი უბრალოდ საგანგაშოა.
როგორ აღმოჩნდა ასეთ რთულ მდგომარეობაში კომპანია, რომელმაც მიკროპროცესორი გამოიგონა ?
Intel-ის პრობლემები ბოლო წლებში არ დაწყებულა, პირიქით - კომპანია დიდი სტრუქტურული განსაცდელის წინაშე დგას, რომელიც კომპანიის შიგნით არსებულ მდგომარეობას და მიწოდების ჯაჭვების სრულ ჩამოშლას უკავშირდება. ამასთან, დიდია Intel-ის ჩამორჩენა მის კონკურენტებთან, რაც განსაკუთრებით 10-ნანომეტრიანი და 7-ნანომეტრიანი არქიტექტურიდან გადასვლის დროს გამოჩნდა, როცა ამერიკულმა გიგანტმა იმდენად დაიგვიანა, რომ მას ფაქტობრივად ყველა კომპანიამ გაუსწრო, განსაკუთრებით ტაივანურმა TSMC-მ და ამერიკულმა AMD-მ. ასე, კომპანიამ კონკურენტული უპირატესობა დაკარგა, რასაც ბაზრის წილის კლებაც მოჰყვა.