მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა სექტორებით ინტერესდებიან პოლონელი ინვესტორები საქართველოში?

პოლონეთი

უძრავი ქონება, სასტუმრო ინდუსტრია, აგრო სექტორი იმ მიმართულებებს შორისაა, რომლებიც პოლონელი ინვესტორებისთვის საქართველოში საინტერესოა. ამის შესახებ BMG-ს პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, გვანცა გრიგალაშვილმა განუცხადა.

საქართველო-პოლონეთის ურთიერთობებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ გასულ წელს საინვესტიციო მიმართულებაზე მეტად, აქტიური იყო პოლონეთიდან იმპორტის საკითხი, სადაც მოიაზრება სამშენებლო, ენერგოეფექტურობის თუ სხვადასხვა მიმართულებით პროდუქციის ან მომსახურების შემოტანა საქართველოში.

"აღსანიშნავია, რომ 2022 წელს იყო პოლონეთიდან საქართველოში ინვესტიციების ძალიან დიდი მატება - წლიურად 51%-მდე ზრდა იყო. 2023 წელს შედარებით ვარდნა იყო. რაც შეეხება გასულ წელს, იყო ინვესტიციების გარკვეული რაოდენობა პოლონეთიდან, თუმცა ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, პროექტები უფრო მეტად არის ექსპორტის მიმართულებით, ანუ პოლონეთიდან სამშენებლო, ენერგოეფექტურობის თუ სხვადასხვა მიმართულებით პროდუქციის ან მომსახურების შემოტანა საქართველოში. პოლონეთს დიდი ნოუჰაუ აქვს განსაკუთრებით თბო, ჰიდროიზოლაციის მიმართულებით, რაც ჩვენთვისაც აქტუალური თემაა ბოლო პერიოდში, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მიმართულებით გლობალურად ლიდერი მწარმოებელია",- თქვა გვანცა გრიგალაშვილმა.

კითხვაზე, როგორ აისახა ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ინვესტორების განწყობაზე, გვანცა გრიგალაშვილი ამბობს, რომ პროექტების გაჩერებაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ინვესტორები სიტუაციას აკვირდებიან.

"ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, რამდენიმე ინვესტორმა მოგვმართა სიტუაციის არსის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში. ინვესტიციების შეჩერების კუთხით არავის მოუმართავს, უბრალოდ სიტუაციას აკვირდებიან და გარკვეული შიშები არსებობს ამ კუთხით",- თქვა პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, გასული წლის 9 თვეში საქართველოში პოლონეთიდან 7.5 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 2023 წელს კი ქვეყანამ 3.2 მლნ დოლარის პოლონური ინვესტიცია მიიღო, მაშინ, როდესაც 2022 წელს მაჩვენებელი 11.1 მლნ დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები