მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები აქვს ნეტო აღრიცხვის სისტემას საქართველოში?

6160b13165f0e
დავით ჯალაღონია
09.10.21 20:30
1911
ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული ელექტროსადგურების საერთო დადგმული სიმძლავრე 10 მეგავატს აღემატება. ამის შესახებ BM.GE-ს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განუცხადა.

"ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართულია მზის პანელები, ქარის სადგურები, 500 კილოვატამდე გენერაციის სადგურები, რომლებიც დაყენებული აქვს ფიზიკურ, ან იურიდიულ პირს, მოიხმარს ელექტროენერგიას და ნამეტი ენერგია თუ რჩება, ეს ავტომატურ რეჟიმში იყიდება ენერგოკომპანიებზე და იღებს გარკვეულ შემოსავალს აბონენტი.

ეს არის 2016 წლიდან დაწყებული რეფორმა, რომელსაც მარეგულირებელი კომისია უდგას სათავეში. ხუთი წლის განმავლობაში უკვე 316 აბონენტია დღეის მდგომარეობით ჩართული "თელასის" და "ენერგო-პროს" ქსელში, მათ შორის რეგიონებში უფრო მეტია. აქტიურობა საკმაოდ მაღალია რეგიონებში, ვიდრე დედაქალაქში. ჯამურად, მათი დადგმული სიმძლავრე უკვე 10 მეგავატს გასცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ, ათ მცირე ჰესზე მეტია ასეთი სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, მათ შორის რამდენიმე არის ხუთას კილოვატიანი, ანუ მაქსიმუმ გამომუშავებაზე ორიენტირებული მზის სადგურები", – განმარტა დავით ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით, ნეტო–აღრიცხვის სისტემა ამ ეტაპზე უფრო მეტად საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოიყენება, ვიდრე კერძო მეურნეობებში.

"თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი კომერციული სექტორიდან, რომ ჩადოს ინვესტიცია მზის პანელების სადგურის მშენებლობაში და მიიღოს ეს ენერგია. არითმეტიკა ამ ყველაფრისა, ჩადებული ინვესტიციიდან უკუგებისა, საკმაოდ კარგია. ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ჩადებულ ინვესტიციას იღებს ინვესტორი და შემდეგ მას რჩება პრაქტიკულად უფასო ენერგია", – აღნიშნა მან.

ცნობისთვის: ნეტო აღრიცხვა არის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რევერსულად) აღრიცხვის პროცესი, რა დროსაც წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთს ქვითავს.

ამ სისტემაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც ფლობს მზის, ქარის, ჰიდრო ან/და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს. მათ შეუძლიათ პარალელურ რეჟიმში ჩაერთონ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდონ გამანაწილებელ კომპანიას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები