მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები აქვს პროექტს „კლასტერები განვითარებისთვის“, რომლისთვისაც EU-მ და გერმანიამ €6 მლნ-ზე მეტი გამოყო

64c1180fdb641
სალომე ხიდურელი
27.07.23 09:00
700
სტატიაში საუბარია:
პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. პროექტისთვის ევროკავშირის მხრიდან 5,3 მლნ ევრო, ხოლო გერმანიის მთავრობის მხრიდან 900 000 ევრო გამოიყო.

პროექტის ფარგლებში 4 კლასტერი შეიქმნა, რომლებშიც, ამ დროისთვის, 124 მცირე და საშუალო მეწარმეა გაერთიანებული. „კლასტერების განვითარების“ პროექტის მიზნებსა და შედეგებზე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ პროექტის წარმომადგენელმა სალომე არღვლიანმა ისაუბრა.

„ამ პროექტის, ისევე როგორც, ზოგადად, ევროკავშირის სხვა პროექტების მიზანი, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაა, ოღონდ კონცეფცია ამ შემთხვევაში იყო კლასტერები. კლასტერის იდეას სექტორის გაძლიერება და ექსპორტისთვის მომზადება წარმოადგენს, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ კლასტერების კონცეფცია, როგორც მიმართულება, უკვე დასრულებულია, ევროკავშირი არ წყვეტს საქართველოს მხარდაჭერას, ისევე როგორც გერმანია, და მათი მხარდაჭერის პაკეტი ყოველთვის ქვეყნის გაძლიერებისკენაა მიმართული. გრძელდება კლასტერების მხარდაჭერა სხვა, მაგალითად, ხარისხის განვითარების მიმართულებით“, - ამბობს სალომე არღვლიანი.

პროექტის წარმომადგენელმა BMG-ს ეთერში იმ უპირატესობებზეც ისაუბრა, რომლებიც 4 კლასტერში გაერთიანებულმა 100-ზე მეტმა კომპანიამ მათთან თანამშრომლობისას მიიღო.

„GIZ-ის ერთ-ერთი მთავარი ძალა ის ტექნიკური რესურსია, რომელიც მას მსოფლიოს მასშტაბით გააჩნია. ჩვენ გვაქვს წვდომა საერთაშორისოდ ყველაზე ექსკლუზიურ და საინტერესო ექსპერტებთან, რომლებიც ჩვენს პროექტში ჩაერთნენ. უდიდესი ჩართულობა იყო საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან, რომლებიც თავიანთ სექტორებში პროფესიონალები არიან.

გარდა ამისა, კლასტერის გაძლიერება მისი წევრი კომპანიების გაძლიერებასაც გულისხმობს. თუ კომპანია ძლიერი არ არის, კლასტერიც ვერ წარმოადგენს ძალას. განსაკუთრებით კოვიდის პერიოდში, ჩვენი მთავარი მიზანი კომპანიების გადარჩენა იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხარდაჭერა გაიყო ორ ნაწილად. პირველ რიგში, ეს ითვალისწინებდა თითოეული ინდივიდუალური კომპანიის საჭიროებების იდენტიფიცირებას, ამ საჭიროებების მაქსიმალურად უზრუნველყოფას, რომ კომპანიის განვითარება არ შეფერხებულიყო; ხოლო მეორე მიმართულება მიეძღვნა თვითონ კლასტერის, როგორც ინსტიტუტის გაძლიერებას იმისთვის, რომ ის სექტორის წარმომადგენელი ყოფილიყო“, - ამბობს არღვლიანი.

პროექტის წარმომადგენლის თქმით, GIZ-ს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და სააგენტოსთან - „აწარმოე საქართველოში“, ვისთან ერთადაც როგორც ცალკეული კომპანიების, ისე სექტორის განვითარებაზე მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, 4 კლასტერი, რომელიც პროექტის ფარგლებში შეიქმნა არის: GAFA - საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია, GCMC - სამშენებლო მასალების კლასტერი და ტურიზმის ორი კლასტერი კახეთსა და იმერეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები