მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შედეგები მოუტანა მსოფლიოს ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ?

დონალდ ტრამპი
BM. GE
09.07.25 11:03
199

ტრამპის მიერ წამოწყებულმა სატარიფო ომმა გლობალური მიწოდების ჯაჭვი სეიროზულად შეაფერხა. შტატების პრეზიდენტის პოლიტიკამ წარმოების სტრატეგიის შეცვლა ბევრ წამყვან კომპანიას აიძულა. საპასუხო ნაბიჯები მათი მხრიდანაც გადაიდგა. წარმოებისთვის დივერსიფიცირება არაერთმა ბიზნესგიგანტმა დაიწყო. ამ მხრივ ხელშესახები ნაბიჯები ელექტრო მოწყობილობებისა და ტექსტილის მწარმოებლებმა გადადგეს. მათ საწარმო ობიექტები ისეთ ქვეყნებში გადაიტანეს, რომლებზეც ტრამპის ტარიფების გავლენა ნაკლებია.

ტრამპის სატარიფო პოლიტიკით გამოწვეულ ქაოსს მაგიდის მეორე მხარეს მსხდომმა სახელმწიფოებმა ახალი სავაჭრო თანამშრომლობების წამოწყებით უპასუხეს. არაერთმა სამხრეთ-აზიურმა, ლათინო-ამერიკულმა თუ აფრიკულმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, დიდ მწარმოებლებს საკუთარი სივრცე და მისაღები გარემო შესთავაზონ. ამ ქვეყნებში მუშა ხელის დაქირავება გაცილებით იაფია, მათი ინფრასტრუქტურა მეტწილად განვითარებულია და სავაჭრო შეთანხმებებიც საკმაოდ ბევრ ქვეყანასთან არის გაფორმებული. მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ ვიეტნამი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა. კომპანიებს სურთ, დისტანცირდნენ იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ტრამპს მიზანში პირადად ჰყავს ამოღებული.

ტარიფებით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად კომპანიები სხვა არაერთ გზასაც მიმართავენ. მათ შორისაა წარმოების ავტომატიზაციის განვითარებაში ინვესტიციების ჩადება. ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების გამოყენებით კომპანიებს სურთ, გაზარდონ წარმადობა და შეამცირონ დამოკიდებულება დაბალანაზღაურებად სამუშაო ძალაზე. მსგავსი ტექნოლოგიური სისტემების დანერგვით დიდი ბიზნესი იმედოვნებს, რომ კონკურენტუნარიანობას შეინარჩუნებს.

შტატების პრეზიდენტის მიერ 2 აპრილს დაწყებული სატარიფო ომი ისტორიული აღმოჩნდა. ცვლილებების ის მასშტაბი, რომელიც ბოლო თვეებში გლობალური მიწოდების ჯაჭვს შეეხო, სავაჭრო თანამშრომლობის აქამდე დამყარებულ დოქტრინაზე კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იქონიებს გავლენას. ზოგი რეგიონი წარმოების ინდუსტრიის გადალაგებით უფრო მეტ სარგებელს ნახავს, ზოგს კი მტკივნეულ რეალობასთან თვალის გასწორება და ახალი ფუნქციის პოვნა მოუწევს. თავის მხრივ, გაკვეთილი ბიზნესებმაც უნდა გამოიტანონ. მათ უნდა ისწავლონ მუდმივად ცვალებად, არაპროგნოზირებად სამყაროში გამოწვევებზე სწრაფი რეაგირება. ამ მხრივ კი, ერთ-ერთი ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება მეტი დივერსიფიკაცია იქნება. ბიზნესი, რომელიც მაქსიმალური დივერსიფიკაციის მიღწევას მოახერხებს, გლობალური პოლიტიკური ბრძოლების ზეგავლენისგან ყველაზე მეტად იქნება დაზღვეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები