მიმდინარე კვირას მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის ლიდერები არიან. მოგეხსენებათ, სი ძინპინი კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში იმყოფება, სადაც ის ჯო ბაიდენს და ამერიკის მთავრობის წევრებს შეხვდა.
პრეზიდენტების შეხვედრას უშედეგოდ არ ჩაუვლია და გარკვეულ საკითხებზე ვაშინგტონსა და პეკინს შორის შეთანხმება მიღწეულია.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამერიკასა და ჩინეთს შორის პირდაპირი საკომუნიკაციო არხის აღდგენას უკავშირდება. როგორც თეთრი სახლის განცხადებიდან ვიგებთ, ბაიდენსა და ძინპინს შორის სატელეფონო კომუნიკაცია აღდგება და პრეზიდენტები მაშინ შეძლებენ ერთმანეთთან პირდაპირ საუბარს, როცა მათ ეს მოესურვებათ. თავისი არსით, XXI საუკუნეში ტელეფონი ბევრს არაფერს ნიშნავს, თუმცა ეს პოზიტიური დიპლომატიური ჟესტია და ის მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე მიუთითებს.
გარდა ამისა, პირდაპირი კომუნიკაცია აღდგება ამერიკისა და ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რაც ნამდვილად დიდი ამბავია, რადგან გასულ წელს, ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, ჩინეთმა ამერიკას საკომუნიკაციო არხი ჩაუკეტა და მთელი ამ დროის განმავლობაში ამერიკელი და ჩინელი გენერლები ერთმანეთს შუამავლების დახმარებით ესაუბრებოდნენ.
საკომუნიკაციო არხების აღდგენის გარდა, პრეზიდენტები პირობას დებენ, რომ სტრატეგიულ საკითხებზე მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება და პეკინი-ვაშინგტონის დაპირისპირება არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის.
მოლაპარაკების კიდევ ერთი საკითხი ოპიოიდების და ქიმიური პრეპარატების არალეგალური რეალიზაციის საკითხს შეეხეო. ძინპინის განცხადებით, ჩინეთი ამ მიმართულებით მონიტორინგს გააძლიერებს და ეს პრობლემა აუცილებლად აღმოიფხვრება.
ასევე, შეთანხმება შედგა გარემოს დაცვის საკითხებზე და 2030 წლამდე ემისიების შემცირებაზე, თუმცა ეს ამბავი ლამის ყოველ წელს ხელახლა გვესმის და ის უკვე მოძველებულადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
ბოლო საკითხი, რომელზეც ლიდერებმა ისაუბრეს პანდებს უკავშირდებოდა. მოგეხსენებათ, პროტესტის გამოსახატავად ჩინეთის მთავრობამ ცოტა ხნის წინ ამერიკული ზოოპარკებიდან პანდები გაიწვია და სამშობლოში უკან დააბრუნა. ძინპინი აღნიშნავს, რომ ურთიერთობების ნორმალიზების შემთხვევაში, არ იქნება გამორიცხული, რომ დიპლომატიური მნიშვნელობის ცხოველები მომავალში ისევ დაუბრუნდნენ ამერიკას.